შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები გაზარდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები გაზარდა

შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა (SNB), სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების ინტენსიურობა გაზარდა. ცენტრალური ბანკი ამგვარად ფრანკის ხელოვნურად დასუსტებას ცდილობს, რადგან როგორც რისკებისგან თავშესაფარ აქტივზე, ფრანკზე მოთხოვნა გაიზარდა, ეს კი მის გაძვირებას იწვევს. ინტერვენციების ინტენსივობა, ბრექსიტის 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეზეა.

გასულ კვირაში შვეიცარიულ ფრანკში დეპოზიტების მოცულობა თითქმის 6 მილიარდი ფრანკით, 608.826 მილიარდ ფრანკამდე გაიზარდა. წლის პირველ სამ თვეში, დეპოზიტების ყველაზე მაღალი კვირეული ზრდა 5.8 მილიარდი ფრანკი იყო. ერთი კვირით ადრე, დეპოზიტების მოცულობა 4.4 მილიარდი ფრანკით, კიდევ ერთი კვირით ადრე კი 2.78 მილიარდი ფრანკით გაიზარდა.

ფრანკზე მოთხოვნის ზრდა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია. შვეიცარიული ვალუტის კურსი ევროსთან წყვილში, ბოლო 4.5 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს. ეს კი შვეიცარიის ესპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკას ვნებს.

ცნობისათვის, რომ ბრექსიტის 2016 წლის რეფერენდუმის მომდევნო კვირაში, ფრანკში დპოზიტების მოცულობა 6.3 მილიარდი ფრანკით გაიზარდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, შვეიცარიის ცენტრალური ბანკი ცდილობს, რომ ინტერვენციებზე კვირაში 10 მილიარდ ფრანკზე მეტი არ დახარჯოს. ამასთან, ინტერვენციების ამგვარი მოცულობა შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე კვირით შენარჩუნდეს.