სავაჭრო ომის გამო ჩინეთმა შესაძლოა სახაზინო აქტივების გაყიდვა დაიწყოს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სავაჭრო ომის გამო ჩინეთმა შესაძლოა სახაზინო აქტივების გაყიდვა დაიწყოს

ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, რომ სავაჭრო ომის გამო, შეერთებული შტატებისთვის პასუხის გასაცემად, ჩინეთის ერთ-ერთი იარაღი, მისი კოლოსალური აქტივების ნაწილის გასაყიდად გამოტანა იქნება. მაგრამ ამას ფინანსების ბირთვულ იარაღს ადარებენ და ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ამით ჩინეთის ეკონომიკა გაცილებით ძლიერად დაზარალდება, ვიდრე შეერთებული შტატებისა.

და მაინც, არაა გამორიცხული, რომ ჩინეთმა თავისი რეზერვის (რომელიც 15.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს) ნაწილი ბაზარზე გამოიტანოს. ოღონდ, ეს არ იქნება ამერიკისთვის გაცემული პასუხი. მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა ამას მხოლოდ საკუთარი ვალუტის კურსის თავისუფალი ვარდნის შესაჩერებლად გააკეთებს.

ოფშორული იუანის კურსი მაისის დასაწყისიდან, 2.4 პროცენტით არის შემცირებული. ამას ძირითადად, აშშ-სთან ვაჭრობაში არსებული პრობლემები განაპირობებს. გართულებული სიტუაციის გამო, ჩინურ პრესაში გამოჩნდა ვარაუდი იმისა, რომ ჩინეთს საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო ვალის ბაზარზე გამოტანა შეუძლია. ჩინეთი ჯერჯერობით ამერიკელებს ტარიფების გაზრდით პასუხობს, მაგრამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსის გამო, ჩინელების შესაძლებლობები შეზღუდულია.

„მაკქუაიერ სეკუტიტიზი“ ფიქრობს, ჩინეთი იუანის გაუფასურების კონტროლიდან გამოსვლას არ დაუშვებს, რადგან ეს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას გამოიწვევს, რასაც სპირალური პროცესები მოჰყვება. ჩინეთის ხელისუფლებამ 2016 წელს ბაზარზე 188 მილიარდი დოლარის აქტივები გამოიტანა, რათა იუანის მკვეთრი ვარდნა აღეკვეთა. მაშინ ჩინური ვალუტა 7 პროცენტით გაუფასურდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, იუანის მკვეთრი გაუფასურება გარდაუვალი იქნება. და ამ შემთხვევაში, ცისქვეშეთს კვლავ მოუწევს ჩარევა და ბაზარზე აქტივების გამოტანა. ამ აქტივების დიდი ნაწილს, ბონდების და კომპანიების აქციებთან ერთად, სავალუტო რეზერვებიც შეადგენს, რომელთა მოცულობაც 3.1 ტრილიონ დოლარს აღწევს.

საინტერესოა ისიც, რომ იუანის ზომიერი გაუფასურებით, ჩინეთს ამერიკული გაზრდილი ტარიფებით მიყენებული ზარალის ნაწილობრივ კომპენსირება შეუძლია. მაგრამ ანალიტიკოსები უმეტესობა მაინც თვლის, რომ ამ ნაბიჯს ჩინეთი მოერიდება, რადგან 2015 წელს იუანის გაუფასურების დაწყებას, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება მოჰყვა. ამის შესაჩერებლად კი ქვეყანას სავალუტო რეზერვებიდან უზარმაზარი თანხის დახარჯვა დასჭირდა.