სავაჭრო დაძაბულობის განელებამ დოლარი გაამყარა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სავაჭრო დაძაბულობის განელებამ დოლარი გაამყარა

ამერიკულმა დოლარმა ვალუტების კალათის მიმართ ახალი კვირა ზრდით დაიწყო, რაც სავაჭრო ურთიერთობების დაძაბულობის განელებით არის გამოწვეული. ეს კი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ, მიგრაციასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიეს.

და მაინც, დოლარის უფრო მეტად გამყარებას აბრკოლებს იმის მოლოდინი, რომ ფედრეზერვი მალე განაკვეთის შემცირებას დაიწყებს. ექვს ძირითად ვალუტასთან დოლარის საშუალო მაჩვენებელი (ინდექსი) 0.3 პროცენტით, 96.871-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, გასულ კვირაში ინდექსმა 1.20 პროცენტით დაიკლო. 2018 წლის თებერვლის შემდეგ, ეს იყო დოლარის ინდექსის ყველაზე მკვეთრი კლება კვირის განმავლობაში.

ბაზარზე განწყობა მას შემდგ გაუმჯობესდა, რაც შეერთებულმა შტატებმა და მექსიკამ, მიგრაციასთან დაკავშირებული შეთანხმება გააფორმეს. ეს რომ არა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეიდან მექსიკურ პროდუქციაზე 5-პროცენტიან საბაჟო ტარიფს შემოიღებდა.

როგორც ცნობილია, სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული გართულებების გამო, გლობალური ეკონომიკის განვითარება შეფერხდა, რაც ფინანსურ და საფონდო ბაზრებზეც აისახება. ყველაზე მეტად, სიტუაცია აშშ-ჩინეთს შორის არის გამწვავებული. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს, რაც ინვესტორებს რისკიან აქტივებზე უარის თქმას აიძულებს.

როგორც წესი, დოლარი საიმედო აქტივად ითვლება, თუმცა ამერიკულ ვალუტას ის გარემოება ასუსტებს, რომ ინვესტორები ფედრეზერვის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინში არიან. ამ სიტუაციაში, დოლარს აშკარად ჯობნიან ისეთი „უსაფრთხო“ ვალუტები, როგორებიცაა იაპონური იენი და შვეიცარიული ფრანკი.

მაგრამ როგორც კი აშშ-მ და მექსიკამ მიგრაციასთან დაკავშირებით მოილაპარაკეს, დოლარზე დამატებითი ზეწოლა მოიხსნა და ამერიკულმა ვალუტამ იენთან წყვილში 0.43 პროცენტით, 108.64-მდე მოიმატა. „სტეიტ სტრიტ ბანკის“ ტოკიოს ოფისის მენეჯერი ბარტ ვაკაბაიაში ფიქრობს, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის მიღწეული შეთანხმება, აშშ-ჩინეთს შორის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, ოპტიმიზმს ზრდის, რაც ბაზრებზე დადებითად აისახა.

თუმცა, დოლარს მძიმე ტვირთად დააწვა ის ფაქტი, რომ აშშ-ის ეკონომიკამ მაისში მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები (75 ათასი) სამუშაო ადგილი შექმნა, რაც ძლიერებს ფედრეზერვის მიერ განაკვეთის შესაძლო შეკვეცის მოლოდინს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ახალი სამუშაო ადგილების შემქნის ტემპის ვარდნა, ეკონომიკური აქტივობის კლების შედეგია. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს ინფლაციის მიზნობრივ, 2-პროცენტიან დონემდე ამოქაჩვაზე. ეს კი ფედრეზერვს პოლიტიკის შერბილებისკენ უბიძგებს...