სავალუტო ბაზრის ლიკვიდურობა პანდემიამდელ დონეს უბრუნდება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სავალუტო ბაზრის ლიკვიდურობა პანდემიამდელ დონეს უბრუნდება

ფინანსური ბაზრის ანალიტიკური ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევა მოწმობს, რომ სავალუტო ბაზარი თანდათან უბრუნდება იმ დონეს, რომელზეც ახალი კორონავირუსის პანდემიამდე იმყოფებოდა. ინვესტორებს განსაკუთრებით წამყვანი სავალუტო წყვილებისადმი ნდობა უბრუნდებათ.

„მოზაიკ სმარტ დეიტას“, CLS-ის და „მიცუბიში UFG-ს“ მიერ ერთობლივად დამუშავებული მონაცემებით, ძირითადი სავალუტო წყვილების ნაწილზე, დღიური ვაჭრობის მოცულობა, პანდემიამდელი დონის 70-80 პროცენტზე ავიდა. შედარებით უარესადაა საქმე განვითარებადი ქვეყნების ვალუტების შემთხვევაში. ისინი საშუალოდ პანდემიამდელი დონის 45 პროცენტს აღწევენ.

სავალუტო ბაზრის (რომლის დღიური მოცულობა პანდემიამდე 6.6 ტრილიონ დოლარს აღწევდა) ყველაზე მოთხოვნადი, ევრო-დოლარის წყვილი ამ მხრივაც ლიდერის პოზიციაშია და ის პანდემიამდელი დონის 80 პროცენტს აღწევს.

კრიზისის პერიოდში შედარებით დაცული იყო დოლარის და იაპონური იენის წყვილი. ამის მიზეზი იოლად ასახსნელია - ორივე ვალუტა რისკებისგან თავშესაფარი აქტივის როლს ასრულებს და კრიზისების დროს, მათზე მოთხოვნა იზრდება. ამ დროს, ინვესტორები აუქმებენ პოზიციებს რისკიან აქტივებში და თავისუფალ სახსრებს უფრო სტაბილურ დოლარსა და იენში აბანდებენ.

ყველაზე მაღალ დონეს, 85 პროცენტს ევროს და შვეიცარიული ფრანკის წყვილზე მოთხოვნამ მიაღწია. ბაზრის სტრესების დროს, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წყვილია და როგორც წესი, რისკებისგან თავშესაფრის როლს ამ შემთხვევაში ფრანკი ასრულებს. და სულაც არაა გასაკვირი, რომ G10-ის სავალუტო წყვილებიდან, ის ამჟამად ყველაზე მოთხოვნადია. ასევე სწრაფად იზრდება ვაჭრობა სტერლინგისა და დოლარის წყვილზე.

იენის, ავსტრალიური და ჰონკონგური დლარების, შვეიცარიული ფრანკის და სამხრეთაფრიკული რანდის ლიკვიდურობა სწრაფი ტემპით იზრდება. მაგრამ ბევრი ტრეიდერი კვლავაც თავს არიდბს ევროს, სტერლინგის, კანადური და ახალზელანდიური დოლარების, ასევე მექსიკური პესოს შეძენას.