სავალუტო ბაზარი ცენტრალური ბანკებისგან განაკვეთების ზრდის მოლოდინშია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
სავალუტო ბაზარი ცენტრალური ბანკებისგან განაკვეთების ზრდის მოლოდინშია

მთელ მსოფლიოში, ინფლაციური ზეწოლის ზრდის კვალად, სავალუტო ბაზარი და მისი მოთამაშეები იმის მოლოდინში არიან, რომ ცენტრალური ბანკები, მოსალოდნელზე ადრე დაიწყებენ მონეტარული პოიტიკის ნორმალიზაციის პროცესს.

იმ ფონზე, როცა მთავრობები და ცენტრალური ბანკები, ეკონომიკების სტიმულირებისთვის, ტრილიონობით დოლარს/ევროს ხარჯავენ, ენერგო მატარებლებზე ფასების შეუჩერებელი ზრდა და მიწოდების ჯაჭვში არსებული ხშირი შეფერხებები, ინფლაციის მკვეთრი ზრდის საშიშროებას ქმნის.

განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველები, ვინც განაკვეთის აწევა გადაწყვიტა, ნორვეგია და ახალი ზელანდია არიან. მათ პანდემიით შელახული ეკონომიკის აღდგენის ეტაპი წარმატებით დაძლიეს და ეს გახდა იმის საფუძველი, რომ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაეწყოთ.

უფრო მეტიც, ინგლისის ბანკში და აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემაში, სულ უფრო ხშირად ავლენენ ქორულ განწყობას, რაც ინვესტორებს იმისთვის განწყობს, რომ ორივე ცენტრალური ბანკისგან, მონეტარული პოლიტიკის სწრაფად შეცვლისთვის მზად იყვნენ.

მაგალითად, ბაზარი ელის, რომ ავსტრალიაში მომავალ წელს განკვეთი 40 საბაზისო პუნქტით გაიზრდება. ეს იმ დროს, როცა ქვეყნის სარეზერვო ბანკს სურს, რომ რეკორდულად დაბალი განაკვეთი, 2024 წლამდე შეინარჩუნოს.

ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა ფედრეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკი ირწმუნებიან, რომ მაღალი ინფლაცია დროებითი მოვლენაა და ამის გამო, მონეტარული პოლიტიკის სწრაფად შეცვლის არანაირი საჭიროება არ არსებობს.