საერთაშორისო მონეტარული ფონდი ბრიტანეთის ეკონომიკის პროგნოზს აუმჯობესებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
საერთაშორისო მონეტარული ფონდი ბრიტანეთის ეკონომიკის პროგნოზს აუმჯობესებს

საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა (IMF) ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. ფონდის ვარაუდით, ბრიტანული ეკონომიკის ზრდის ტემპი, ევროკავშირისას გადაასწრებს, თუმცა პანდემიამდელი დონის მიღწევა, 2022 წლამდე მოსალოდნელი არაა.

IMF-ის პროგნოზით, წელს ბრიტანეთის ეკონომიკა 5.3 პროცენტით გაიზრდება. იანვარში გამოქვეყნებული პროგნოზის შესაბამისად, 4.5-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი. პროგნოზის გაუმჯობესების მთავარი მიზეზი, სწრაფი ვაქცინციაა, რაც ეკონომიკის გახსნის საშუალებას იძლევა. პარალელურად, ქვეყნის მთავრობა, სტიმულირების ზომებს არ იშურებს.

შარშან ბრიტანეთში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპაში ყველაზე მაღალი იყო. ქვეყნის ეკონომიკაც კონტინენტზე ყველაზე მკვეთრად, თითქმის 10 პროცენტით დაეცა. ევროპის ყველაზე დიდ ეკონომიკებს შორის, ამაზე უარესი ვარდნა მხოლოდ ესპანთს ეჰქონდა.

მაგრამ სწორედ ბრიტანეთია ის ქვეყანა, რომელმაც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, მასობრივი ვაქცინაცია ჩაატარა. ბრიტანეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარს, პირველი აცრა უკვე მიღებული აქვს. შედარებისთვის, გერმანიასა და საფრანგეთში, აცრილი მოსახლეობის წილად 15 პროცენტზე ნაკლები მოდის.

IMF-ისვე პროგნოზით, ევრო ზონის ეკონომიკა წელს მხოლოდ 4.4 პროცენტით მოიმატებს, გერმანიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 3.6 პროცენტი იქნება, საფრანგეთისა კი - 5.8 პროცენტი. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფონდის მონაცემებში არაა გათვალისწინებული საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში დაწყებული ლოკდაუნი. ამის ფონზე, ბრიტანეთმა ეკონომიკის გახსნა უკვე დაიწყო.

ბრიტანეთზეც და ევრო ზონაზეც უკეთესი პროგნოზი აქვთ შეერთებულ შტატებს და იაპონიას. IMF-ის ვარაუდით, ამ ორი ქვეყნის ეკონომიკები, პანდემიამდელ დონეს წელსვე დაუბრუნდებიან.