როიტერსის გამოკითხვა: დოლარი დომინაციას გააგრძელებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
როიტერსის გამოკითხვა: დოლარი დომინაციას გააგრძელებს

როიტერსის მიერ, სავალუტო ბაზრის სტრატეგებს შორის ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკულ დოლარს, რომელიც უკვე ორი წელია, ბაზარზე დომინირებს, წელსაც შეინარჩუნებს ლიდერი ვალუტის პოზიციას.

გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ წლის ბოლოსთვის ევრო მცირედით გამყარებას შეძლებს, მაგრამ დოლარის დომინაცია სწრაფად არ გაქრება. ბაზარზე რისკის ახალი, ძლიერი ფაქტორის გამოჩენა, როგორიცაა დაძაბულობის ესკალაცია აშშ-სა და ირანს შორის, უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნას ზრდის. დლარი კი სწორედ ასეთ აქტივებს შორისაა.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან ბევრი ანალიტიკოსი, დოლარის დასუსტების საჭიროებაზე ლაპარაკობდა, ამერიკულმა ვალუტამ მაინც შეძლო სიმყარის შენარჩუნება. და როგორც სტრატეგები ვარაუდობენ, ასე სულ ცოტა, წლის პირველ ნახევარში გაგრძელდება.

როიტერსის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, მონაწილეობა 57-მა ანალიტიკოსმა მიიღო. მათგან 32 ფიქრობს, რომ დოლარის დომინაცია, 6-დან 12 თვემდე ან უფრო დიდხანსაც გაგრძელდება. შარშან წლის დასაწყისში ჩატარებულ გამოკითხულთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ დოლარის გამყარება შეჩერდა.

მაგრამ შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის პროგნოზი კლებულობს და ამის პარალელურად, სხვა ძლიერი ეკონომიკების ვარდნის პროცესი შეჩერდა, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, დოლარის დომინაციის ხარისხმაც დაიკლოს.

„ჩვენ არ ვეუბნებით ინვესტორებს, რომ ევროს შესყიდვა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ. მონაცემები მოწმობს, რომ ევროპაში სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა. ეს იმ დროს, როცა აშშ-ის ეკონომიკას შენელების ნიშნები დაეტყო“, - ამბობს „სიტის“ გლობალური სტრატეგი ჯეიმი ფეი.

როგორც აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებითღ ვაჭრობის კომისიის მონაცემები მოწმობს, დოლარის „გადაღლის“ ნიშნების გამოჩენისთანავე, ტრეიდერთა ნაწილმა ამერიკული ვალუტის ყიდვაზე გახსნილი პოზიციების შემცირება დაიწყო. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს კონსენსუსი იმ საკითხზე, თუ რომელ ვალუტებს აქვს დოლართან გამყარების რეალური საფუძველი.