როიტერსის გამოკითხვა - პრეზიდენტი ბაიდენი პაუელს ფედრეზერვის თავმჯდომარედ დატოვებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
როიტერსის გამოკითხვა - პრეზიდენტი ბაიდენი პაუელს ფედრეზერვის თავმჯდომარედ დატოვებს

როიტერსის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ პრეზიდნტი ჯო ბაიდენი, თებერვალში ფედრეზერვის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ჯერომ პაუელს მეორე ოთხწლიანი ვადით წარადგენს.

პაუელმა ფედრეზერვის შეფის პოსტი 2018 წლის თებერვალში, ჯანეტ იელენისგან გადაიბარა. სწორედ მას მოუწია ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა იმ დროს, როდესაც კაცობრიობას და გლობალურ ეკონომიკას, კორონავირუსის პანდემიასთან და მის უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებთან ბრძოლა უწევს.

თეთრი სახლი უახლოეს თვეებში გადაწყვეტს ფედრეზერვის თავმჯდომარის პოსტზე პაუელი დატოვოს, თუ სხვა დანიშნოს. ახალი შეფის დანიშვნის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ბაზარს მკვეთრი რეაქცია ექნება. აშშ-ის ეკონომიკა ამ ეტაპზე, მაღალ ინფლაციას ებრძვის და იმავდროულად, დასაქმების ზრდის ტემპი, ეკონომიკის აღდგენის ტემპს ჩამორჩება.

12-15 ივლისს, როიტერსის მიერ 40 ეკონომისტის გამოკითხვისას, ფედრეზერვის მომავალი შეფის შესახებ დასმულ კითხვაზე, 36-მა უპასუხა, რომ მისი აზრით, ბაიდენი სტატუს ქვოს შეინარჩუნებს.

„კრედიტ სვისის“ მთავარი ეკონომისტიჯეიმს სუინი ფიქრობს, რომ ფედრეზერვის თავმჯდომარის პოსტზე, პაუელის მთავარ კონკურენტად, ლაელ ბრენარს მოიაზრებს, თუმცა პაუელი ფავორიტად რჩება.

კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესში, ფედრეზერვის მთავარ მიზანს, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმებაა. მისივე თქმით, ინფლაციის ამჟამინდელი მკვეთრი ზრდა, დროებითი მოვლენაა.

დასაქმებაზე პაუელის და ფედრეზერვის ფოკუსირებამ, ბაიდენის ადმინისტრიციისგან მოწონება დაიმსახურა. პაუელის მუშაობით, დემოკრატებიც და რესპუბლიკელების დიდი ნაწილიც კმაყოფილნი არიან. თუმცა კონგრესის წინაშე გამოსვლისას, მას ორივე პარტიის წარმომადგენლებმა რთული კითხვები დაუსვეს.

ინფლაციის ზრდის ფონზე, ამჟამად ცენტრალური ბანკი ბონდების შესყიდვის პროგრამის შეწყვეტის მიზანშეწონილებას განიხილავს. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ყოველთვე სახაზინო ბონდების შესყიდვაზე 120 მილიარდი დოლარი იხარჯება. ეს კი ინფლაციურ ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს.