როცა ამერიკას უჭირს, მსოფლიოსაც პრობლემები აქვს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
როცა ამერიკას უჭირს, მსოფლიოსაც პრობლემები აქვს

2018 წელს, როცა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ათწლიანი პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა, მისი შემდგომი ზრდა შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო, რომელმაც გადასახადების შემცირებით და მთავრობის ხარჯის ზრდით, ბიზნესს და მოსახლეობას, ხარჯვის დამატებითი სტიმული მისცა, რაც მალევე დადებითად აისახა მსოფლიო ბაზრებზე.

მაგრამ დღეს მსოფლიო კორონვირუსი უტევს და ის განსაკუთრებით სწორედ შეერთებულ შტატებს აზარალებს, რაც ისევ და ისევ, მსოფლიო ეკონომიკასაც ეხება. ამჯერად უარყოფითი ზეგავლენის სახით.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები, ზარალდებიან აშშ-ის მეზობლები, მექსიკა და კანადა, რომელთა ექსპორტის დიდ ნაწილსაც შტატები ითვისებენ. ზღვარზე არიან გერმანია და იაპონია, რომელთა ეკონომიკებიც ექსპორტზე, მეტწილად კი აშშ-ში პროდუქციის შეტანაზე არიან ორიენტირებული.

„მსოფლიოს წინ რთული თვეები და წლები აქვს. შეშფოთების მთავარი საფუძველი ისაა, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. მთავარი რისკი ისაა, რომ აშშ-ის მოსახლეობის დიდ ნაწილს, ცხოვრების გაუარესებულ სტანდარტებთან და ეკონომიკურ სიძნელეებთან შეგუება მოუწევს. ამას ბაზარზე მოთხოვნის შემცირება შეუძლია, რაც ეკონომიკის ზრდისთვის სერიოზულ ბარიერებს შექმნის“, - წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ, აშშ-ის ეკონომიკის მიმოხილვაში.

შეერთებულმა შტატებმა პანდემიით გამოწვეული ზიანის შესარბილებლად, უპრეცედენტოდ დიდი თანხა - 3 ტრილიონი დოლარი დახარჯა და ქვეყანაში ყველანაირი აქტივობა შეზღუდა. ამან გარკვეული დადებითი როლი შეასრულა, მაგრამ დაავადებამ გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო. ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება, რის გამოც, რამდენიმე შტატი ისევ ჩაკეტვის რეჟიმზე გადავიდა. ყველაფერი იქით მიდის, რომ ეკონომიკას დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდება. ეს იმ დროს, როდესაც თებერვალთან შედარებით, ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი 13.3 მილიონით არის გაზრდილი. ეს ყველაფერი კი აშშ-ის სავაჭრო პარტნიორებზე უშუალო ასახვას ჰპოვებს.

აშშ-ზე გლობალური ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედი მოდის. თავის მხრივ, შტატების ეკონომიკის დიდ ნაწილს მომსახურების სექტორი და მასთან დაკავშირებული სფეროები შეადგენს, რომელიც ეპიდემიისგან უშუალო ზემოქმედებას განიცდის. მცირდება სამუშაო ადგილები, რაც მომხმარებელთა თავდაჯერებულობასა და ხარჯზე აისახება. ამას კი მოჰყვება იმპორტის კლება. ბიზნესის პირობების გაუარესებას, ინვესტიციების კლება მოჰყვება.

ითვლება, რომ პანდემიასთან ბრძოლაში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქვეყანა გერმანიაა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაისში ამ ქვეყნიდან ამერიკაში ექსპორტი 36 პროცენტით დაეცა. და ანალიტიკოსები თითქმის ვერ ხედავენ სიტუაციის გაუმჯობესების მიზეზებს. ამერიკაში გერმანიის ექსპორტის ძირითადი ნწილი ავტომობილებზე მოდის. ამერიკაში კი ამ სექტორში გაყიდვები წლის წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 24 პროცენტით შემცირდა.

იაპონიაში ეკონომიკის აღდგენას პირდაპირ უკავშირებენ აშშ-ში პანდემიასთან ბრძოლის ეფექტურობას და ეკონომიკის შესაძლო გაჯანსაღებას. იაპონიის ბანკის მმრთველი საბჭოს ყოფილი წევრი ჰიდეო კუმანო ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა, აშშ-ში კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

საერტაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წელს 6.6 პროცენტით დაიკლებს. კანადის ბანკის პროგნოზი კი უარესია და მეზობლის ეკონომიკის 8.1-პროცენტიან ვარდნას ვარაუდობს. ეს თავის მხრივ, კანადის ეკონომიკას ძლიერ დააზარალებს, რადგან მისი ექსპორტის დაახლოებით სამი მეოთხედი ამერიკაზე მოდის.

მსგავსი სიტუაციაა მექსიკასთან დაკავშირებითაც. ამ ქვეყანშიც ინფიცირების რიცხვი რეკორდულად იზრდება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკას არანაკლებ აზარალებს პრობლემები ამერიკაში. ამის გამო, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ახლახანს დონალდ ტრამპს ეწვია. გამოქვეყნებული პროგნოზით, მექსიკის ეკონომიკის ვარდნა 10 პროცენტს მიაღწევს.