რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს დოლარის დასასუსტებლად

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
რისი გაკეთება შეუძლია აშშ-ს დოლარის დასასუსტებლად

დოლარის სწრაფმა ზრდამ აქტუალური გახადა თემა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, შეერთებულმა შტატებმა, თავისი ვალუტის არასასურველი სწრაფი გამყარების შესაჩერებლად, გარკვეულ ზომებს მიმართოს.

ბოლო ორ კვირაში ამერიკული დოლარი დაახლოებით 7 პროცენტით გამყარდა. იმ დროს, როცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ქვეყნები იძლებულები არიან, ეკონომიკის სტიმულირებისთვის, მონეტარული პოლიტიკა შეარბილონ, დოლარზე მოთხოვნა უკიდურესად გაიზრდა - ფაქტობრივად, დოლარი მსოფლიო ვალუტის როლს ასრულებს.

ფედრეზერვმა საზღვარგარეთულ ცენტრალურ ბანკებთან ვალუტების გაცვლითი ოპერაციები გაზარდა, რათა უცხოურ ფინანსურ ბაზრებზე დოლარის ნაკლებობა და შესაბამისად, დოლარის უკიდურესი გამყარება აღკვეთოს. ამან ფასის ზრდის შეჩერება უზრუნველყო.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობისას მუდმივად აცხადებს, რომ მყარი დოლარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, რადგან ის ექსპორტზე გასული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ამცირებს. თუმცა ტრამპი ბოლომდე თავს იკავებდა, მოეწოდებინა ხაზინისთვის, რომ მას სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია განეხორციელებინა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილმა სიტუაციამ კი ფედრეზერვისგან და ხაზინისგან საგანგებო მოქმედება მოითხოვა და ამერიკამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის, 2 ტრილიონი დოლარის დახარჯვას ითვალისწინებს. ტრამპმა დღეს ისიც კი განაცხადა, რომ დიდი კომპანიების, მათ შორის „ბოინგის“ წილი ხალხმა (სახელმწიფომ) უნდა შეისყიდოს, ამგვარად მიღებულ ფულს კი კომპანია კრიზისის პირობებში გამოიყენებს.

თუმცა ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ასეთი უზარმაზარი თანხების ხარჯვის მიუხედავად, დოლარის გამყარება გაგრძელდება. ეს კი აშშ-ის ხელისუფლებას, სავალუტო ბაზარზე უშუალოდ ჩარევის საბაბს მისცემს.

„BofA გლოუბლ რისერჩის“ ფორექსის G10-ის წამყვანი სტრატეგი ბენ რენდოლი ფიქრობს, რომ დოლარის სიმყარე აშშ-ის ადმინისტრაციის ყურადღებას (საინტერვენციოდ) იმ შემთხვევაში მიიპყრობს, თუ დოლარის ინდექსი 104.0 ნიშნულს მიუახლოვდბა. ამჟამად ინდექსი, რომელიც მსოფლიოს ექვს წამყვან ვალუტასთან, დოლარის საშუალო კურსს ასახავს, 102.5-ზე დაბლა იმყოფება.

ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით, საბანკო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დოლარის ინდექსმა შესაძლოა, წელს 120.0-იან ნიშნულსაც კი მიაღწიოს. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ეს 24-პროცენტიანი ზრდა იქნება.

აშშ-ის მთავრობა სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ერევა ხოლმე. ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა მას შემდეგ, რაც წამყვანი ქვეყნები, მათ შორის იაპონია, იენის გამიზნული დასუსტების მისაღწევად, ბაზარზე ინტერვენციაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის მთავრობის მთავარი საინტერვენციო იარაღი, გაცვლის სტაბილიზაციის ფონდია, რომელსაც ოპერირებას ხაზინა უწევს. ფონდის ანგარიშზე დაახლოებით 94 მილიარდი დოლარია. ხაზინას ამ ფულით, უცხოური ვალუტების ღია ბაზარზე შესყიდვა და ამით, დოლართან ამ ვალუტების გამყარება შეუძლია. იმავე დანიშნულებისთვის, დაახლოებით იგივე თანხაა ფედრეზერვის განკარგულებაში.

ერთი შეხედვით, ეს უზარმაზარი თანხაა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ბაზრის ყოველდღიური ბრუნვის (დაახლოებით 6.6 ტრილიონი დოლარი) ფონზე, ეს ზღვაში წვეთია. ამიტომ, სასურველი ეფექტის მისაღწევად, შეერთებულ შტატებს ინტერვენციის პარალელურად, სხვა ქვეყნებთან შეთანხმებულად მოქმედება მოუწევს.