პაუელი უარყოფითი განაკვეთის წინაღამდეგია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
პაუელი უარყოფითი განაკვეთის წინაღამდეგია

შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ დოლარზე უარყოფითი განაკვეთის შემოღება საფუძველს მოკლებულია. ამით მან კიდევ ერთხელ გაუწბილა იმედები ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელმაც უფრო ადრე ცენტრალურ ბანკს, დოლარზე უარყოფითი განაკვეთის შემოღებისკენ მოუწოდა.

„უარყოფით განაკვეთთან დაკავშირებით, კომიტეტის პოზიცია არ შეცვლილა. ეს ის არაა, რასაც ვაპირებთ“, - საერთაშორისო ეკონომიკის პეტერსონის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა პაუელმა.

ცენტრალური ბანკების ნაწილმა, მათ შორის, იაპონიის და ევროპის ცენტრალურმა ბანკებმა, კორონავირუსის პანდემიამდე, საკუთარ ვალუტებზე უარყოფითი განკვეთები დააწესეს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იაპონიის და ევრო ზონის ეკონომიკები ნელი ტემპით იზრდება და ინფლაციაც არასასურველად დაბალია.

წინა კვირაში გაჩნდა იმის შანსი, რომ უარყოფით განაკვეთზე აშშ-ის ცენტრალური ბანკიც გადავიდოდა. ამას დაემატა ტრამპის სურვილიც. ტრამპს არ სურს დოლარის უსაშველო გამყარება, რადგან საერთაშორისო ვაჭრობისას, ეს ამერიკულ ექსპორტიორებს წამგებიან მდგომარეობაში აყენებს. მაგრამ ფედრეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყველა წევრი (პაუელმა გამოსვლისას ეს ხაზგასმით განაცხადა), უარყოფითი განაკვეთის წინააღმდეგია.

პაუელის თქმით, კომიტეტის წევრები უპირატესობას, აქტივების დიდი მოცულობით შესყიდვებს ანიჭებენ, რისი მეშვეობითაც, შესაძლებელია ბაზარზე დოლარის ჭარბად გამოშვება, ამან კი ვალუტის დასუსტება თუ არა, მისი გამყარების შეზღუდვა უნდა გამოიწვიოს.