პაუელი - დაბალი განაკვეთი იმ დროით დარჩება რაც საჭირო იქნება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
პაუელი - დაბალი განაკვეთი იმ დროით დარჩება რაც საჭირო იქნება

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა (ფოტოზე) განაცხადა, რომ აშშ-ის შრომის ბაზრის ახლახანს გამოქვეყნებული, აგვისტოს სტატისტიკა საკმაოდ კარგი იყო, თუმცა ისიც დაამატა, რომ სამუშაო ადგილების რიცხვის ზრდის ტემპი სავარაუდოდ შემცირდება. ამასთან, ცენტრალური ბანკი არსებულ მონეტარულ პოლიტიკას, წლების განმავლობაში შეინარჩუნებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგ, ყველაფერი უფრო გართულდება, რადგან ეკონომიკის გარკვეული სექტორები, პანდმიისგან კვლავ ძლიერ ზარალობს. ჩვენი აზრით, ეკონომიკას დაბალი განაკვეთი დასჭირდება, რაც ეკონომიკური აქტივობის ზრდას დაუჭერს მხარს. და ასეთი პოლიტიკის შენარჩუნება, გარკვეული დროით მოგვიწევს. ეს ალბათ წლები გაგრძელდება“, - ამბობს პაუელი.

სექტორები, რომლებიც ფედრეზერვის შეფმა იგულისხმა, არის დასვენება, სასტუმრო ბიზნესი, მოგზაურობა და გართობა. ამ სფეროების აქტივობა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაზე მეტად არის შეზღუდული, რასაც აღნიშნულ სფეროებში მომუშავე კომპანიები გაკოტრების პირას მიჰყავს.

შრომის ბაზრის სტატისტიკამ აჩვენა, რომ აგვისტოში ქვეყანაში 1.37 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა და უმუშევრობის დონე, ივლისის 10.2-დან 8.4 პროცენტამდე შემცირდა. ეს კი იმ მაჩვენებელზე ნაკლები, რასაც ფედრეზერვის წევრთა უმეტესობა, წლის ბოლოსთვის ელოდა. და მაინც, ეს პანდემიური დანაკარგების დაახლოებით ნახევარია და შესაბამისად, სიტუაცია საგანგაშოდ რჩება და მილიონობით ადამიანი კვლავ უმუშევარია.