პაუელი - აშშ-ის ეკონომიკა გარდატეხის მომენტშია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
პაუელი - აშშ-ის ეკონომიკა გარდატეხის მომენტშია

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა გარდატეხის მომენტს გადის და არსებობს იმის მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში ეკონომიკის ზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესი დაჩქარდება. იმავდროულად, რჩება რისკები, რომლებიც პირველ რიგში, კორონავირუსის პანდემიის შესაძლო განახლებას უკავშირდება.

CBS-ის პროგრამა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პაუელი ოპტიმიზმს არ მალავდა, თუმცა ფიქრობს, რომ პანდემიური რისკები აუცილებლად გასათვაისწინებელი ფაქტორია.

„ჩვენ ვფიქრობთ, ამჟამად იმ მომენტში ვიმყოფებით, როცა ეკონომიკამ უფრო სწრაფი ზრდა უნდა დაიწყოს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესიც უნდა დაჩქარდეს. მთავარი რისკი არის დაავადების ხელახლა გავრცელების შესაძლებლობა. კარგი იქნება, თუ ხალხი შეძლებს სოციალური დისტანციის დაცვას და გააგრძელებს ნიღბის გამოყენებას“, - ამბობს პაუელი.

შრომის დეპარტამენტის მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ მარტში მოსალოდნელზე გაცილებით მეტი, 916 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უფრო მეტიც, ფედრეზერვის ოფიციალური პირების ნაწილი ვარაუდობს, რომ თვეში მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაც არის მოსალოდნელი.

მართალია, რიგ რეგიონებში, მაგალითად შტატ მიჩიგანში, ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით პანდემია უკან იხევს, რასაც სწრაფი ვაქცინცია აუწყობს ხელს. ამის კვალად, შეზღუდვები თანდათან უქმდება. ეს კი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობს ხელს.

მარტში ახალი სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობით შექმნის მიუხედავად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაინც მაღალია. ქვეყანაში არსებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი დაახლოებით 8.4 მილიონით ნაკლებია იმაზე, რაც პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის თებერვალში იყო.

ამჟამად შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე 6 პროცენტია. შავკანიანებში ის 9.6 პრეოცენტს აღწევს, ესპანურენოვან მოსახლეობაში კი - 7.9 პროცენტს. შედარებისთვის, თეთრკანიან მოსახლეობას 5.4-პროცენტიანი უმუშევრობა აქვს. უმაღლესი განათლების არმქონე მოსახლეობაში, უმუშევრობა 8.2 პროცენტია, კოლეჯის განათლების მქონე მოსახლეობაში კი უმუშევრობა მხოლოდ 3.7 პროცენტია.

ეს ყველაფერი პაუელს და ფედრეზერვის სხვა წევრებს აძლევს იმის საბაბს, რომ არ შეაჩერონ რეკორდულად რბილი მონეტარული პოლიტიკის გატარება და სტიმულირების პროგრამა, რომელიც თვეში 120 მილიარდი დოლარის ღირებულების სახაზინო ბონდების შესყიდვას ითვალისწინებს.