PIMCO – დოლარი კლებას გააგრძელებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
PIMCO – დოლარი კლებას გააგრძელებს

ინვესტიციების მენეჯმენტზე სპეციალიზებული კომპანია PIMCO (პასიფიკ ინვესტმენტ მენეჯმენტ) აცხადებს, რომ ამერიკული დოლარი ვარდნის გაგრძელებას აპირებს. ამის საფუძველი კი ის გარემოებაა, რომ ფედრეზერვი დოლარზე ძალიან დაბალ განაკვეთს ინარჩუნებს და მტრედულ განწყობას ავლენს, რაც ევროს ზრდისთვის ხელშემწყობი ფაქტორია.

PIMCO-ს გლობალური სტრატეგი ჟენ ფრიდა და გლობალური პორტფელის მენეჯმენტის ხელმძღვანელი საჩინ გუპტა ამბობენ, რომ განაკვეთის კლების წინა ციკლებისას, დოლარი 15-20 პროცენტით უფასურდებოდა.

დოლარმა დღეს ბოლო 28 თვის მინიმალური მაჩვენებელი განაახლა. ევრომ კი მასთან წყვილში 1.20-ს მიაღწია, რაც 2018 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ამერიკული ვალუტის მკვეთრ ვარდნას უზრუნველყოფს ის გარემოება, რომ მას სხვა ვალუტებთან მიმართებით, უცებ გამოეცალა უპირატესობა, რომელსაც მათთან შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთი ანიჭებდა. ეს კი კორონავირუსის ეპიდემიით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის გაკეთდა. იმავდროულად, ევროპის კავშირის მიერ, ეკონომიკის აღდგენის მძლავრი ფონდის შექმნამ, ევროს მხარდაჭერა გაუწია და ბაზარზე ის დოლარის ალტერნატივად წარმოაჩინა, რასაც მასზე მოთხოივნის ზრდა მოჰყვა.

„ჩვენი აზრით, ფედრეზერვის პოლიტიკა ადაპტირებადი იქნება მანამ, ინფლაციის მიზნობრივ საშუალო დონემდე ამოწევა მოხერხდება. ჩვენ ასევე მოველით, რომ სრული დასაქმების დონის მიღწევა, 2024 წლამდე შეუძლებელი იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ ფედრეზერვი ძალიან დაბალ საპროცენტო განაკვეთს შეინარჩუნებს და აქტივების შესყიდვას გააგრძელებს“, - ნათქვამია ფრიდას და გუპტას ერთობლივ განცხადებაში. ისინი ასევე ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და რისკები, დოლარის ვარდნის შეზღუდავს.

ცნობისათვის, კომპანია PIMCO ნიუპორტ ბიჩში (შტატი კალიფორნია) მდებარეობს და 1.92 ტრილიონი დოლარის აქტივებს განაგებს.