ოთხკვირიანი ზრდის შემდეგ დოლარმა ახალი კვირა მშვიდად დაიწყო

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ოთხკვირიანი ზრდის შემდეგ დოლარმა ახალი კვირა მშვიდად დაიწყო

დოლარმა ახალი კვირა, სხვა ვალუტებთან კონსოლიდაციით დაიწყო. ეს მას შემდეგ ხდება, რაც ამერიკულმა ვალუტამ ზედიზედ ოთხი კვირა აღმავლობაში გაატარა. მისი ზრდს მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორებია ამერიკული სახაზინო ბონდების მომგებიანობის ზრდა და ჩინურ უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემები, რაც მსოფლიო ბაზარზე რისკის აპეტიტს ასუსტებს.

გარდა ამისა, დოლარისთვის მასტიმულირებელია ისიც, რომ ბაზარი უახლოეს მომავალში ამერიკის ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის დაწყების მოლოდინშია. საერთო ჯამში, დოლარის ინდექსმა წლის მაქსიმუმი განაახლა.

უფრო მეტიც, პარასკევს ბაზრები ამერიკული შრომის ბაზრის სტატისტიკის მოლოდინში არიან. ინფლაციასთან ერთად, დასაქმების სტატისტიკა ფედრეზერვისთვის, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის ძირითადი ფაქტორია. და თუ პარასკევის სტატისტიკა დადებითი იქნება, ეს დოლარისთვის ზრდის სტიმულის მიმცემი გახდება.

„დოლარის ბოლოდროინდელ გამყარებას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: ერთია ბაზრის მოლოდინი იმისა, რომ ფედრეზერვი მალე განკვეთის აწევას დაიწყებს. მეორეც, ინვესტორები სააქციო ბაზრებზე წარმოქმნილი შტორმისგან თავის დაცვას ცდილობენ. გარდა ამისა, ინვესტორები ფიქრობენ, რომ შეერთებული შტატები, გლობალური ენერგო კრიზისისგან საიმედოდ არის დაცული“, - ამბობს საბროკერო კომპანია XM-ის სტრატეგი მარიოს ჰაჯიკირიაკოსი.

„სიტიგრუპის“ სტრატეგები მოელიან, რომ დოლარის ზრდა გაგრძელდება. ამის მიზეზებია სახაზინო ბონდების მომგებიანობის ზრდა, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღება არ განაპირობებს, ჩინური უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემები და ენერგომატარებლების ბაზარზე არსებული პრობლემები.

დოლარის გამყარებას მოელის „სოსიეტე ჟენერალის“ სტრატეგი კიტ ჯუკსი, ვინც იმავდროულად, ევროს დასუსტების მოლოდინშიცაა. დოლარმა ახლახანს ევროსთან ბოლო 14 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია, იენთან კი 19 თვის პიკის სიახლოვესაა.