ნულოვან განაკვეთს არც ინგლისის ბანკი აპირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ნულოვან განაკვეთს არც ინგლისის ბანკი აპირებს

ფედრეზერვის მსგავსად, უარყოფითი განაკვეთის შემოღებას არც ინგლისის ბანკი აპირებს. ამის შესახებ, ცენტრალური ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ განაცხადა, თუმცა სამომავლოდ ასეთი რამ არ გამორიცხა.

„რა თქმა უნდა, ასეთი სიტუაციებში რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელია. მაგრამ ეს ის არაა, რასაც ამ ეტაპზე ვგეგმავთ, ან რის საჭიროებასაც განვიხილავთ“, - „ფაინენშლ ტაიმსის“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე განაცხადა ბეილიმ.

ევროპის და იაპონიის ცენტრალურმა ბანკებმა უარყოფითი განაკვეთი, ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე ამოსაწევად, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე გამოიყენეს, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიერს. იდეაში, უარყოფითი განაკვეთი კომერციულ ბანკებს ჭარბი ფულის კრედიტებში გაცემისკენ უნდა უბიძგებდეს, რამაც ბიზნესის და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მაგრამ უარყოფით და ნულთან მიახლოებული განაკვეთის დიდხანს დატოვებას ბევრი მინუსიც აქვს.

ბეილი ამბობს, რომ ბრიტანეთში უარყოფითი განაკვეთის შემოღებამდე, საყოველთაო კომუნიკაცია და განხილვები იქნება საჭირო, რადგან ეს არაორდინარული სვლაა და აუცილებელია მისი მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება.

კორონვირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გასანეიტრალებლად, ინგლისის ბანკმა მარტში ზედიზედ ორჯერ შეკვეცა განაკვეთი და ის 0.1 პროცენტის ნიშნულამდე დასწია.

ბეილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად დააზარალა ეპიდემიამ ბრიტანეთის ეკონომიკა და როგორ იმოქმედებს ეს ვარდნა გრძელვადიან პერსპექტივაში. მისივე თქმით, ცენტრალურ ბანკებს შორის კოორდინირებული მოქმედების შედეგად, რამაც ამ ეტაპზე, მსოფლიოს ფინანსური კოლაპსი აარიდა თავიდან, ფინანსური ბაზარი დამშვიდდა. მაგრამ მიღწეული სტაბილურობა მყიფეა და მის შენარჩუნებას ბევრი ძალისხმევა დასჭირდება.