მორგან სტენლი - ამერიკული დოლარის გაყიდვის დრო დგება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მორგან სტენლი - ამერიკული დოლარის გაყიდვის დრო დგება

„მორგან სტენლის“ ანალიტიკოსები თვლიან, რომ მსოფლიოს ფინანსური ბაზრები ფსკერთან ახლოს არიან და ინვესტორები თანდათან რისკიანი აქტივების შესყიდვასა და დოლარის გაყიდვაზე უნდა გადავიდნენ.

„მორგან სტენლის“ მაკრო სტრატეგიების განყოფილების დირექტორი მეტიუ ჰორნბახი თვლის, რომ ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული საგანგებო ზომების წყალობით, მალე სტაბილიზაციის პროცესი დაიწყება.

„ეს არ ნიშნავს, რომ ფსკერი უკვე მიღწეულია, ან რისკიან აქტივებზე მინიმალური ფასები უკვე დაფიქსირდა. მაგრამ ჩანს, რომ დათვური ბაზარი ფინალურ ფაზაშია. ეს კი ნიშნავს, რომ აღდგენის ფაზის ადრეულ ეტაპთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე წინა სამ კვირაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგები მთელს მსოფლიოში, რისკის გაზრდას იწყებენ“, - ნათქვამია „მორგან სტენლის“ ანალიტიკოსების განცხადებაში.

ახალი კორონავირუსის მთელ მსოფლიოში გავრცელების გამო, ბაზრებზე რყევები მკვეთრად გაიზარდა, რამაც ურისკო აქტივებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ამის გამო, ფედრეზერვმა მოკლე დროში დოლარზე განაკვეთი ორჯერ მკვეთრად დასწია და თითქმის ნულოვან დონეზე დაიყვანა. იმავდროულად, ცენტრალურმა ბანკმა, აქტივების მასობრივად შესყიდვა განაახლა. შემსუბუქების პროგრამა, სხვა დიდი ეკონომიკების ცენტრალურმა ბანკებმაც დაიწყეს.

„დოლარის გაყიდვის დრო მოვიდა“, - ნათქვამია „მორგან სტენლის“ ანალიტიკოსების განცხადებაში, რომელიც მართალია, ფედრეზერვის მიერ განაკვეთის თითქმის ნულოვან დონემდე დაწევის გამოცხადებამდე გამოქვეყნდა, მაგრამ მანამდეც აშკარა იყო, რომ ცენტრალური ბანკი გადამჭრელ ქმედებაზე წავიდოდა.

მათი პროგნოზით, დოლარის ინდექსი შესაძლოა 95-მდე შემცირდეს, რასაც ხელი ფედრეზერვის მიერ ეკონომიკის სტიმულირების ახალი ეტაპის დაწყებამ უნდა შეუწყოს. სტრატეგები ფიქრობენ, რომ ევრო-დოლარის წყვილში, ევროს შესყიდვის დაწყების დრო დგება.