მადლიერების კვირაში სავალუტო ბაზარზე უძრაობაა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
მადლიერების კვირაში სავალუტო ბაზარზე უძრაობაა

იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებში მადლიერების დღისთვის ემზადებიან, სავალუტო ბაზარზე უძრაობამ დაისადგურა. ამერიკული არდადეგების პარალელურად, აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკების შესახებ, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ოპტიმისტური ინფორმაცია. ეს კი მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას სავაჭრო ომის დასრულების იმედს იძლევა.

ამ ფონზე, დოლარი იენთან წყვილში, კვლავ ბოლო ორი კვირის მაქსიმალურ მაჩვენებელთან (109.205 იენი) ახლოს იმყოფება. როგორც წესი, ამერიკული ვალუტა რისკებისგან თავშესაფარი აქტივია, მაგრამ ამ სტატუსში იენთან აგებს. სავაჭრო ომის დასრულების პერსპექტივა კი იაპონურ ვალუტას ამერიკულთან მიმართებით, ამ არგუმენტს ხელიდან აცლის, რაც დოლარს აძლიერებს.

ევროს ფასი ამ კვირაში თითქმის არ შეცვლილა და ისევ 1.10 დოლარის მიდამოებშია. ამას მეტწილად მადლიერების დღის მოახლოება განაპირობებს, რადგან დიდი მოვაჭრეები პოზიციების დახურვას და მოგების დაფიქსირებას ამჯობინებენ, ამ დროს კი რყევები მინიმუმზეა დასული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკება „ფინალურ ეტაპზეა“. თუმცა ისიც დაამატა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ჰონ კონგის გამოსვლების მონაწილეებს მხარს უჭერს, რაც ჩინეთისთვის მტკივნეული საკითხია.

სამშაბათს სატელეფონო საუბარი გაიმართა ერთი მხრივ, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ რობერტ ლაითიზერსა და ხაზინის მდივან სტივენ მნუჩინს, მეორე მხრივ კი ჩინეთის ვიცე პრემიერ ლიუს შორის. ტრამპის ოპტიმისტური კომენტარი სწორედ ამ საუბარს მოჰყვა.

ყოველივეს მიუხედავად, წამყვანი ვალუტების წყვილები კვლავ უმოძრაოდ დარჩა, რაც ისევ და ისევ, აშშ-ში მადლიერების დღის არდადეგებს უკავშირდება. თუმცა საერთო ფუნდამენტური ფონი დოლარის სასარგებლოდ განეწყო.

მაგრამ თუ მხარეებს შორის შეთანხმება მაინც ვერ შედგა, მაშინ მოსალოდნელია, რომ 15 დეკემბერს ტრამპი ჩინურ პროდუქციაზე ახალ ტარიფებს შემოიღებს, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებს და ინვესტორები ისევ რისკისგან თავშესაფარ აქტივებს მიაშურებენ.