ლაგარდი - ევრო ზონამ ეკონომიკის ზრდა თავადვე უნდა უზრუნველყოს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ლაგარდი - ევრო ზონამ ეკონომიკის ზრდა თავადვე უნდა უზრუნველყოს

ევროპის ცენტრალური ბანკის ახალმა პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა, თავისი პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ ევრო ზონამ საკუთარი ეკონომიკის ზრდა თავადვე უნდა უზრუნველყოს. მისი აზრით, სახელმწიფო ინვესტიციების გაზრდის ხარჯზე, შესაძლებელი იქნება საგარეო ოპერაციებში სისუსტის აღმოფხვრა და ეს ეკონომიკას უფრო მეტად დააბალანსებს.

ლაგარდს არ უსაუბრია ცენტრალური ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე. თქვა მხოლოდ ის, რომ ის გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას ითვალისწინებს. იმავდროულად, ევრო ზონის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, რომ გაამყარონ შიდა მოთხოვნები, რაც სავაჭრო ომით გამოწვეულ რისკებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება იქნება.

ევრო ზონის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი მისი უდიდესი ეკონომიკა - გერმანია, ექსპორტზეა ორიენტირებული, რაც მას გარე რისკებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის.

„პასუხი ის იქნება, რომ სიდიდით მეორე ეკონომიკა, მთელი მსოფლიოსთვის უფრო ხელმისაწვდომი და საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დაჯერებული გახდეს და ჩამოყალიბდეს ეკონომიკად, რომელიც საკუთარ პოტენციალს სრულად გამოიყენებს, რაც ხანგრძლივი და სტაბილური განვითარების საფუძველი გახდება“, - ამბობს ლაგარდი.

მან გადალახა ცენტრალური ბანკის მოხელის უფლებამოსილების საზღვარი და განაცხადა, რომ ეკონომიკის დასაბალანსებლად, სახელმწიფო ინვესტიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მისივე თქმით, ინვესტიციები მწვანე და ციფრულ პროექტებზე უნდა განხორციელდეს, რაც ეკონომიკის მყარ გამვითარებას უზრუნველყოფს.

„ახლანდელი გამოწვევებისთვის მნიშვნელოვანი პასუხი ინვესტიციები უნდა გახდეს. ეს იქნება დღევანდელი მოთხოვნა და ხვალინდელი შეთავაზება. ინვესტიციების საჭიროება კონკრეტულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ საერთო მომავალს ის ინვესტიციები უზრუნველყოფს, რომლებიც ციფრულ და მწვანე პროექტებს მოხმარდება“, - ამბობს ლაგარდი.

მსგავსი მოწოდებები მის წინამორბედ მარიო დრაგისაც ჰქონდა, რომელიც ისეთ ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებს, როგორიც მაგალითად გერმანიაა, ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ინვესტიციების კონკრეტულ სასურველ მიმართულებას არ ასახელებდა. მაგრამ დრაგის მოწოდებას ბერლინ უპასუხოდ ტოვებდა.