კუროდა პოლიტიკის შემდგომი შემსუბუქებისთვის მზადაა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
კუროდა პოლიტიკის შემდგომი შემსუბუქებისთვის მზადაა

იაპონიის ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა ამბობს, რომ თუ ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე ზრდის პროცესი შეფერხდება, ცენტრალური ბანკი ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე, მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო შეარბილებს.

კუროდა მსოფლიო ეკონომიკის ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს, რაც იაპონიის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის ძლიერი დადებითი ფაქტორია. მის გამო, ის თვლის, რომ იაპონის ბანკმა გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროს და მონეტარული პოლიტიკის შესაცვლელად, ხელსაყრელ მომენტს დაელოდოს.

„იაპონიის ბანკი ფრთხილად აკონტროლებს არსებულ რისკებს და თუ გამოაშკარავდა, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი შენელდა, რაც მიზნობრივი დონის მიღწევას გაართულებს, არც იყოყმანებს და პოლიტიკის შერბილების ახალ ზომებს გაატარებს“, - ამბობს კუროდა.

ახლახანს იაპონიის ბანკმა იენზე განაკვეთი უცვლელად, მინუს 0.1 პროცენტის დონეზე დატოვა. ამის პარალელურად, სახელმწიფო 10-წლიან ბონდებზე 0-პროცენტიანი მომგებიანობაც შენარჩუნებულია. იმავდროულად, ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა კვლავ ნელი ტემპით ვითარდება.

ფინანსურ ბაზრებზე არსებული სტაბილურობა და მსოფლიო ეკონომიკაში დაძაბულობის განელება, იაპონიის ცენტრალურ ბანკს იმის იმედს უტოვებს, რომ ეკონომიკის სტიმულირების გაფართოება საჭირო აღარ გახდება. კუროდას თქმით, მართალია, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობა ოდნავ განელდა, მაგრამ რისკები კვლავაც რჩება, რის გამოც, მონტარული პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, აჩქარება არ ღირს.

ბაზარზე ფულის დიდი ოდენობის მასის გამოშვების მიუხედავად, იაპონიის ბანკმა ვერ შეძლო ინფლაციის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე გაზრდა. ამიტომ, ბანკი არნახულად დაბალ განაკვეთს ხანგრძლივად ინარჩუნებს, რაც ფინანსური ინსტიტუტების მომგებიანობაზე უარყოფითად აისახება.

მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკა მესამე კვარტალში, წლიური გადაანგარიშებით, 1.8 პროცენტით გაიზარდა. ეს უპირველესად, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. მაგრამ ეკონომისტები მოელიან, მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდა შენელდება, რასაც ოქტომბერში გაყიდვების გადასახადის ზრდა გამოიწვევს.