კუროდა 3 ტრილიონი დოლარით რაოდენობრივ შემჭიდროებაზე უარს ამბობს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
კუროდა 3 ტრილიონი დოლარით რაოდენობრივ შემჭიდროებაზე უარს ამბობს

იაპონიის ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა პარლამენტის წინაშე წარსდგა და მონეტარული პოლიტიკა განიხილა. პარლამენტარების კითხვაზე, შესაძლებელი არის, თუ არა ეგრეთ წოდებული ბანკნოტის წესის გაუქმება, უარყოფითი პასუხი გასცა.

ბანკნოტის წესი, იაპონიის ბანკის ხელში, სამთავრობო ბონდების მოცულობას ზღუდავს. კერძოდ, ამ წესის შესაბამისად, ბონდების ჯამური ღირებულება არ უნდა სჭარბობდეს მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების მოცულობას. ამ წესის მთავარი მიზანი ისაა, რომ იაპონიის ბანკს არ ჰქონდეს მთავრობის უშუალო დაფინანსების შესაძლებლობა.

ეს წესი დროებით 2013 წლის აპრილში შეჩერდა, როცა კუროდამ სტიმულირების პროგრამა წამოიწყო. მაშინ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭომ გადაწყვიტა, რომ დროებით შეეჩერებინა წესის მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლიდა სტიმულირების პროგრამის განხორციელებას.

გავიდა ექვსწელიწადნახევარი და დროებითი შეჩერება კვლავ ძალაშია და მუდმივი სახე მიიღო. პარლამენტის მოსმენების დროს, ამ წესის კვლავ ამოქმედების საკითხი წამოიჭრა, მაგრამ კუროდამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ეს შეუძლებელია.

ამ წესის აღდგენის შემთხვევაში, იაპონიის ბანკს სასწრაფოდ მოუწევს ბაზარზე 3.4 ტრილიონი დოლარის ღირებულების ბონდების გამოტანა. ამჟამად ცენტრალური ბანკის მფლობელობაში სულ 475 ტრილიონი იენის (დაახლოებით 4.3 ტრილიონი დოლარის) ბონდებია. შედარებისთვის, მიმოქცევაში მხოლოდ 108 ტრილიონი იენის ბანკნოტებია.

კუროდას ადრე ნათქვამი აქვს, რომ ბანკნოტის წესის აღდგენა მას შემდეგ მოხდება, რაც ინფლაცია მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს მიაღწევს. მაგრამ ეკონომისტების უმეტესობა, ამ დონის მიღწევის პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავს.

ცნობისათვის, ოქტომბერში იაპონიაში ინფლაცია 0.4 პროცენტის დონეზე იყო.