კორონავირუსის გამო ევრომ დოლართან ორწლინახევრის მინიმუმი განაახლა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
კორონავირუსის გამო ევრომ დოლართან ორწლინახევრის მინიმუმი განაახლა

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ჩინეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ევროს დოლართან წყვილში დასუსტება გამოიწვია.

მარტო ხუთშაბათს, ჰუბეის პროვინციაში ვირუსით დაავადებული 242 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მსხვერპლის რაოდენობამ 1310-ს მიაღწია. ასევე მკვეთრად არის გაზრდილი ინფიცირებულთა რიცხვი, რაც ნაწილობრივ იმის შედეგია, რომ მედიკოსებმა დიაგნოსტიკის ახალი მეთოდოლოგიის გამოყენება დაიწყეს.

შექმნილ სიტუაციაში დოლარის სიმყარეს ის გარემოება განაპირობებს, რომ შეერთებული შტატების ეკონომიკა, ჩინეთში გავრცელებული ეპიდემიისგან ნაკლებად ზარალობს. ეს იმ დროს, როცა ევროპას და კონკრეტულად გერმანიას, ჩინეთთან ძალიან განვითარებული სავაჭრო ურთიერთობა აქვს. „TD სეკურიტიზის“ ნიუ იორკის ოფისის სავალუტო ბაზრის უფროსი სტრატეგი მაზენ ისა ამბობს, რომ ევროპის ეკონომიკის ზრდის საშუალო პროგნოზის ფონზე, ეპიდემიით გამოწვეული შეფერხებები, მოლოდინს აუარესებს.

ევრო ფასი 1.0835 დოლარამდე დაეცა, რაც 2017 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ისას თქმით, ასეთ დაბალ დონეზე ჩამოსვლა იმის წინაპირობაა, რომ ვარდნა გაგრძელდეს.

ევროპული ვალუტა ასევე შვეიცარიულ ფრანკთან წყვილშიც დაეცა. ფრანკი უსაფრთხო აქტივის როლშია და კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მყარდება. ევრო 1.0610 ფრანკამდე შემცირდა, რაც 2015 წლის აგვისტოს შემდეგ, ყველაზე დაბალი ფასია.

დოლარის ევროსთან გამყარების კიდევ ერთი ძირითადი მიზეზი, ქერი ტრეიდერების აქტიურობაა. ასეთი ინვესტორები აქტიურად სესხულობენ დაბალი მომგებიანობის ვალუტებს, როგორიცაა ევრო და მათ დოლარზე, ან სხვა მაღალი მომგებიანობის ვალუტებზე ჰყიდიან. იმ სიტუაციაში, როცა ცენტრალური ბანკებისგან განაკვეთების შეცვლა ნაკლებად არის მოსალოდნელი, ქერი ტრეიდინგი სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება.