კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკას ასუსტებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
კორონავირუსი მსოფლიო ეკონომიკას ასუსტებს

ძლიერი ურთიერთკავშირის მქონე მსოფლიო ეკონომიკა, ჩინეთში დაწყებული ვირუსული ეპიდემიის გამო ძლიერ ზარალობს. სხვადასხვა გათვლებით, კორონავირუსის გამო, გლობალური ეკონომიკა სულ ცოტა, 160 მილიარდ დოლარს იზარალებს. ბუნებრივია, ეს მსოფლიოს ეკონომიკის განვითარების ტემპსაც შეაფერხებს.

მაგალითად, მზის ენერგიაზე ორიენტირებულმა ევროპულმა ჯგუფმა REC-მა კალიფორნიაში მის პროფილში მომუშავე კომპანიების შეხვედრა მოიწვია, რომელზეც ვირუსის გამო გამოწვეულ ლოჯისტიკურ პრობლემებზე უნდა იმსჯელოს და გამოსავალი მონახოს, საუდის არაბეთი OPEC-ის საგანგებო სხდომის ჩატარებას ემხრობა, რათა ნავთობზე მოთხოვნის მოსალოდნელი ვარდნა და მიწოდების კიდევ უფრო მეტად შეკვეცის საჭიროება განიხილონ. მსგავსი ვითარებაა მრეწველობის პრაქტიკულად ყველა სფეროში.

ანალიტიკოსები იხსენებენ SARS-ის 2003 წლის ეპიდემიას, რომელიც ასევე ჩინეთიდან დაიწყო. მსოფლიო ეკონომიკას ის 40 მილიარდი დოლარის ზარალად დაუჯდა. მაგრამ მას შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკა იმდენად გაიზარდა, რომ მასზე გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 17 პროცენტი მოდის.

დღეს ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო ბაზარია, ამ ქვეყნის მოქალაქეები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ ტურიზმის სფეროში. გარდა ამისა, ჩინეთი უდიდესი ექსპორტიორია ტექსტილის და ტანსაცმლის სექტორში. მანდვე აწარმოებენ მსოფლიოში ყველაზე მეტ კომპიუტერს და თითქმის ყველა აიფონს. გარდა ამისა, ჩინეთზე სხვადასხვა სფეროში, მაკომპლექტებლების წარმოების დიდი ნაწილი მოდის.

კორონავირუსი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთს ვნებს. მაგრამ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ დაავადება ცისქვეშეთის საზღვრებს გასცდა. შეერთებული შტატები და ევროპა უკვე მუშაობენ ვაქცინაზე, მაგრამ ფარმაკოლოგები ამბობენ, რომ წამალი წარმოებისთვის მზად ზაფხულისთვის იქნება. იმედს იძლევა ის გარემოება, რომ სპეციალისტები გაზაფხულზე დაავადების გავრცელების შენელებას მოელიან. თუმცა მანამდე თითქმის ერთი თვეა დარჩენილი.

კორონვირუსს, რომელსაც სამედიცინო სფეროში 2019-nCoV-ად მოიხსენიებენ, უკვე 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ყველა ჩინეთის საზღვრებში. ათასობით დაავადებულია. ქალაქი ვუჰანი, სადაც ვირუსის იდენტიფიკაცია მოხდა და სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დანარჩენი მსოფლიოსგან უკვე იზოლირებულია. ქვეყნის პროვინციებში, რომლებზეც ჯამში ქვეყნის ეკონომიკის ორი მესამედი მოდის, მთვარის ახალი წლის არდადეგები ერთი კვირით გაგრძელდა. მათ შორისაა ქალაქ შანჰაის კონგლომერატი და აღმოსავლეთში მდებარე არაერთი ინდუსტრიული ჰაბი.

ასეთ რთულ სიტუაციაში, ბაზრები ურისკო აქტივებს ეტანებიან, როგორებიცაა ოქრო და ძვირფასი ლითონები, იაპონური იენი, შვეიცარიული ფრანკი. გამოცოცხლდა ციფრული ვალუტების ბაზარი. მოთხოვნა გაიზარდა აქციებზე. ახლა ინვესტორების ძირითადი ყურადღება ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციისკენ არის მიპყრობილი...