კარნი: ბრიტანეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უარეს მდგომარეობაშია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
კარნი: ბრიტანეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე უარეს მდგომარეობაშია

ინგლისის ბანკის (BoE) მმართველი მარკ კარნი ამბობს, რომ ბოლო სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ცენტრალური ბანკი მოელოდა.

ახალი 20-სტერლინგიანი ბანკნოტის წარდგენის ცერემონიაზე, კარნიმ განაცხადა, რომ BoE-ს პროგნოზით, მესამე კვარტალში ეკონომიკის სავარაუდო ზრდა 0.2 პროცენტი უნდა იყოს. სტატისტიკის ეროვნული ოფისის ვარაუდით, მესამე კვარტალში ეკონომიკის რეცესია მოსალოდნელი არაა. აგვისტომდე წინ სამ თვეში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 0.3 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე მანამდე წინა სამ თვეში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ცალკე აღებული აგვისტოში, მშპ 0.1 პროცენტით შემცირდა. ეს კი საგანგაშო ნიშანია.

კარნი ამბობს, რომ სტერლინგს სავალუტო ბაზარზე ჩვეულებრივზე მეტი რყევა ჰქონდა, რაც ბრექსიტთან დაკავშირებული გაურკვევლობის შედეგია. ცენტრალური ბანკის მმართველის თქმით, ბრექსიტის ყველაზე დრამატული სცენარით განვითარების შემთხვევაში, BoE ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილურ ზრდას შეუწყოს ხელი.

კარნის ადრე ნათქვამი აქვს, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევაში, წარმოქმნილი რყევების დასაბალანსებლად, ცენტრალურ ბანკს განაკვეთის შეკვეცა მოუწევს. მან ასევე განაცხადა, ინგლისის ბანკის მმართველის თანამდებობაზე დარჩენას აღარ აპირებს მას შემდეგ, რაც 31 იანვარს ვადა დაუმთავრდება.