ჯერომ პაუელი განაკვეთის კიდევ ერთხელ შეკვეცას არ გამორიცხავს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ჯერომ პაუელი განაკვეთის კიდევ ერთხელ შეკვეცას არ გამორიცხავს

ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მალე საკუთარი ბალანსის გაფართოებას დაიწყებს. ოღონდ, მისივე თქმით, ეს არ იქნება „რაოდენობრივი შერბილების“ ახალი ეტაპის დაწყება. პაუელი ბალანსის გაფართოებას ტექნიკურ სავარჯიშოს უწოდებს, რომელმაც საფინანსო სისტემის გამართული მუშაობისთვის საჭირო ლიკვიდურობა უნდა უზრუნველყოს.

ფედრეზერვი მოკლევადიანი აქტივების შესყიდვაზე გააკეთებს აქცენტს და გრძელვადიანი აქტივების ფასწარმოქმნაზე ზემოქმედებას თავს აარიდებს. შედარებისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკი თვეში 20 მილიარდი ევროს სახელმწიფო ბონდების შესყიდვას იწყებს და ფედრეზერვისგან განსხვავებით, შესყიდვები თანაბრად შეეხება როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან აქტივებს.

პაუელმა ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ფედრეზერვმა განაკვეთი წელს კიდევ ერთხელ შეკვეცოს. ოღონდ დაამატა, რომ ცენტრალური ბანკი ამას მხოლოდ ეკონომიკის სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად გააკეთებს. ანალიტიკოსები სულ უფრო მეტად ვარაუდობენ, რომ ფედრეზერვი წლის ბოლომდე განაკვეთს კიდევ ერთხელ შეამცირებს.

საკუთრივ შეერთებული შტატების ეკონომიკის გარდა, ფედრეზერვი ისეთ გარე რისკებსაც აქცევს ყურადღებას, როგორებიცაა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა და ბრექსიტი.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა მალე მოლაპარაკებას განახლებს, მაგრამ ოპტიმისტური განწყობის მიუხედავად, პრობლემის მოგვარების მიმართულებით, სწრაფი გარღვევა მოსალოდნელი არ არის. საქმეს ის გარემოება ართულებს, რომ მოლაპარაკებისას, აშშ-ის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამოსწორებაა, რაც ძნელად შესრულებადია.

რაც შეეხება ბრექსიტს, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება ჩიხშია და მხარეების პოზიციებიდან გამომდინარე, სიტუაციის გამოსწორების პერსპექტივა არც ჩანს. ეს უხელშეკრულებო ბრექსიტის რისკს ზრდის, რაც მსოლიო ეკონომიკისთვისაც რისკის წყაროა. ახლახანს პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა ბრექსიტის ვადის გახანგრძლივება. ეს კი ბრექსიტის გაურკვევლობასაც გაახანგრძლივებს.

ამგვარად, ფედრეზერვს ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, განაკვეთის კიდევ ერთხელ შეკვეცისთვის საკმარისი არგუმენტი ექნება.