ინვესტორები დოლარის სისუსტეს 2021 წელსაც ვარაუდობენ

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინვესტორები დოლარის სისუსტეს 2021 წელსაც ვარაუდობენ

როიტერსის მიერ გამოკითხული ინვესტორები ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს დოლარის დასუსტების პროცესი გაგრძელდება. ამის ფონზე, პრაქტიკულად ყველაფერს - ამერიკული კომპანიების აქციებიდან დაწყებული, განვითარებადი ბაზრებით და სამრეწველო მეტალებით გაგრძელებული, აღმავლობა ელის.

დოლარზე რეკორდულად დაბალი განაკვეთი, სტიმულირების მასიური პროგრამა და რისკისადმი მზარდი აპეტიტი ის ფაქტორებია, რომლებმაც გასულ წელს დოლარის ინდექსის 6-პროცენტიანი დასუსტება განაპირობა. ეს კი 2017 წლის შემდეგ, დოლარისთვის ყველაზე უარესი შედეგი იქნება.

როიტერსის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილე ინვესტორების ორ მესამედზე მეტი ვარაუდობს, დოლარის ვარდნა სულ ცოტა, 2021 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, რადგან სულ უფრო მეტი ინვესტორი აბანდებს საკუთარ სახსრებს რისკიან აქტივებში, რითაც მეტი მოგების მიღებას ცდილობს.

სუსტი დოლარი დამატებითი სტიმულია ამერიკელი ექსპორტიორებისთვის, რადგან ეს ფაქტორი, მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის. ამავე ფაქტორის გამო, უცხოეთში მიღებული მოგების დოლარში განაღდებისას, უფრო მეტ მოგებას მიიღებენ მულტიეროვნული კორპორაციები.

„ბენკ ოფ ამერიკას“ კვლევის შესაბამისად, ამერიკული დოლარის 10-პროცენტიანი დასუსტება, S&P-ის რეიტინგის კომპანიების მოგების საშუალოდ 3-პროცენტიან ზრდას იწვევს. იმავდროულად, S&P 500 ბოლო წლებში საშუალოდ 22 პროცენტით იზრდებოდა მაშინ, როცა ამერიკის ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან დოლარის საშუალო კურსი 0.3 პროცენტით კლებულობდა.

დოლარის დასუსტება იწვევს ნედლეულის ფასების ზრდას, რომელტა ფასებიც ძირითადად სწორედ დოლარშია განსაზღვრული. ამ გარემოების გამო, როცა დოლარი კლებულობს, ამით ყველაზე მეტად, ამ სფეროში მომუშავე უცხოელი ინვესტორები რჩებიან მოგებული.

როდესაც ვალუტა სიმყარეს კარგავს, ეს ინფლაციის ზრდას განაპირობებს. ფასების ზრდის ტემპი, ათწლეულის განმავლობაში, ფედრეზერვის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე დაბლა რჩება. მაგრამ მთავრობის მიერ ტრილიონობით დოლარის ხარჯვას, ინფლაციას სასურველ დონეზე ამოსწევს.

რაც შეეხება განვითარებად ბაზრებს, მათთვის დოლარის დასუსტებას ის ხეირი მოაქვს, რომ დოლარში აღებული სესხების მომსახურება უფრო იაფი უჯდებათ (დლარს იაფად ყიდულობენ). შესაბამისად, განვითარებადი ბაზრების ინდექსი წელს 13 პროცენტით არის გაზრდილი.