ინვესტორები G20 სამმიტს ელოდებიან

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინვესტორები G20 სამმიტს ელოდებიან

იმ დროს, როცა ბაზარი ფედრეზერვის მიერ, დოლარზე განაკვეთის შეკვეცის მოლოდინშია, ამერიკული ვალუტა ბოლო ორთვენახევრის მინიმუმის სიახლოვეს დრეიფობს. ინვესტორები G20 სამმიტამდე, დოლარის აგრესიულად გაყიდვებისგან თავს იკავებენ, რადგან ოსაკაში შესაძლოა, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა განიმუხტოს. და მაშინ, დოლარზე მოთხოვნაც გაიზრდება.

ბაზრებს ივნისში განაკვეთის შეკვეცის შანსს მხოლოდ 20 პროცენტით აფასებენ. თუმცა ფედრეზერვის ივლისის სხდომისთვის, მათი მოლოდინი თითქმის 100-პროცენტიანია. ცნობისათვის, ფედრეზერვის ივნისის სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება, ოსაკას G20-ის სამმიტი კი - თვის ბოლოს (28-29 ივნისს).

„ამერიკულ დოლარზე განაკვეთის შემცირების შანსი სწრაფად იზრდება. და ჩვენი აზრით, ფასებზე ამის ასახვაც სწრაფად მოხდა, რამაც დოლარის დაღმასვლის ტემპი უნდა შეზღუდოს“, - ამბობს „კრედიტ აგრიკოლის“ ლონდონური ოფისის სავალუტო სტრატეგი მანუელ ოლივერი.

დოლარის ინდექსმა ივნისში 1 პროცენტი დათმო და მჭიდროდ მიუახლოვდა მარტის მინიმალურ მაჩვენებელს (96.46). ეს მეტწილად, ფედრეზერვის წევრთა მტრედულმა განწყობამ და ეკონომიკის სუსტმა სტატისტიკამ განაპირობა. მაგრამ G20-ის ოსაკას შეხვედრას განწყობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია, რის გამოც, ინვესტორები მოცდას ამჯობინებენ.