ინგლისის ბანკს განაკვეთის შეკვეცის საბაბი შეუმცირდა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ინგლისის ბანკს განაკვეთის შეკვეცის საბაბი შეუმცირდა

ბრიტანეთში დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ შესაძლოა ინგლისის ბანკს, თავის მომავალი კვირის შეხვედრაზე, განაკვეთის უცვლელად დატოვების საბაბი მისცეს. IHS მარკიტის მონცემებით, შესყიდვების მენეჯერთა კომპოზიტური ინდექსი (PMI), მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი გამოდგა.

წარმოების სფეროში PMI 49.8-ია, მომსახურების სფეროში - 52.9, კომპოზიტური კი - 52.4. შედარებისთვის, წინა თვის კომპოზიტური PMI 49.3 იყო. ამგვარად, 2018 წლის იანვრიდან კომპოზიტური PMI ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ეს კი საფუძვლიანი საბაბია იმისათვის, რომ ინგლისის ბანკმა (BOE) განკვეთის შეკვეცა (რასაც ბაზარი უახლოეს სხდომაზე ელოდა) არ იჩქაროს.

BOE-ს ბოლო სხდომაზე, სწორედ შესყიდვების მენეჯერთა ინდექსი გახდა ძირითადი ფაქტორი, რომელმაც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება განაპირობა. ანალიტიკოსების აზრით, ინდექსის 52-ზე მაღალი მაჩვენებელი საკმარისი ფაქტორია იმისათვის, რომ BOE-მ განაკვეთის შეკვეცისგან თავი შეიკავოს.

მაგრამ არსებობს ერთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, შეკვეცა მაინც გარდაუვალი გახადოს. მთავარია, რა ინფორმაციას მიიღებს ცენტრალური ბანკი იმ აგენტებისგან, რომლების ქსელიც მთელ ქვეყანას ფარავს და რომლებსაც კონფიდენციალური საუბრები აქვთ ადგილობრივ ბიზნესებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ეს ინფორმაცია, ინვესტორებისთვის და ანალიტიკოსებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მონეტარული პოლიტიკის მოხსენებასთან ერთად გამოქვეყნდება.