იაპონიის და ინგლისის ბანკებმა განაკვეთი უცვლელად დატოვეს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იაპონიის და ინგლისის ბანკებმა განაკვეთი უცვლელად დატოვეს

იაპონიის და ინგლისის ბანკებმა, იენზე და სტერლინგზე განაკვეთი უცვლელად დატოვეს. იმავდროულად, იაპონიის ბანკის განცხადებით, არსებობს იმის შანსი, რომ ოქტომბრის სხდომაზე მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებს. ინგლისის ბანკის განცხადებით კი, თუ 31 ოქტომბრამდე ბრექსიტის თაობაზე შეთანხმება არ შედგა, ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დაზარალდება.

იაპონიის ბანკის მმართველ ჰარუჰიკო კუროდას თქმით, ცენტრალური ბანკი პოლიტიკის შერბილებამდე ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ივლისის სხდომის დროს იყო. ამის ძირიტად მიზეზად, აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომი და ამით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკის დასუსტება დაასახელა. ეს გარემოება, ექსპორტზე ორიენტირებულ იაპონიის ეკონომიკას ძლიერ აზარალებს, ეს კი ინფლაციის მიზნობრივი, 2-პროცენტიანი დონის მიღწევას ართულებს.

ამგვარად, იაპონურ იენზე მოკლევადიანი მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთი მინუს 0.1 პროცენტის დონეზე დარჩა. გარდა ამისა, იაპონიის ბანკი გააგრძელებს 10-წლიანი ბონდების მომგებიანობის 0-პროცენტიანი დონის სიახლოვეს შენარჩუნებას, რათა მისი ტეხილის კონტროლი შეძლოს.

ინგლისის ბანკის მონტარული პოლიტიკის კომიტეტის ცხრავე წევრმა, სტერლინგზე არსებულ 0.75-პროცენტიან დონეზე შენარჩუნებას მისცა ხმა. იმავდროულად, ბანკის განცხადბა კვლავ შეიცავს გაფრთხილებას, რომ ხელშეკრულების გარეშე ევროკავშირიდან გასვლას, ეკონომიკის შენელების და ფასების ზრდის გამოწვევა შეუძლია. ბანკი ასევე არ იძლევა ბრექსიტის ბოლო ვადს გაგრძელების რეკომენდაციას, რადგან ამას მოჰყვება არსებული გაურკვევლობის შენარჩუნება, რაც ასევე ვნებს ეკონომიკას.