იაპონიის ბანკი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლაში ჩაბმას არ გამორიცხავს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
იაპონიის ბანკი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლაში ჩაბმას არ გამორიცხავს

იაპონიის ბანკის მმართველი ჰარუჰიკო კუროდა ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების საშიშროება მზარდია და თუ საჭირო იქნება, ეკონომიკაზე ეპიდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, ცენტრალური ბანკი დაუყოვნებლივ იმოქმედებს.

ვირუსმა ჩინეთში უკვე 400-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით კი ინფიცირებულია. ეპიდემიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ჩინეთი პრაქტიკულად ჩაკეტილია. ეს კი მის ეკონომიკაზე მოქმედებს, რაც ასევე მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახება.

კუროდა ამბობს, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის ჩართულობის მაღალი დონის გამო, ამ ქვეყანაში რისკების მკვეთრი ზრდა, სხვა ქვეყნებზეც, მათ შორის, იაპონიაზეც უარყოფითად აისახება.

როგორც ბლუმბერგის ეკონომისტი იუკი მასუძიმა ამბობს, კორონავირუსის გავრეცელების ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, იაპონიის ეკონომიკა 0.5 პროცენტით შემცირდება. შედარებისთვის, ერთი კვირით ადრე, ეს ზემოქმედება მხოლოდ 0.1 პროცენტით იყო შეფასებული.

იაპონიის პარლამენტში გამოსვლისას, კუროდას არ დაუკონკრეტებია, თუ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის დასაცავად, იაპონიის ბანკი რა სახის ქმედების განხორციელებას გეგმავს.