IMF – ევრო ზონის ეკონომიკის აღდგენა შესაძლოა შენელდეს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
IMF – ევრო ზონის ეკონომიკის აღდგენა შესაძლოა შენელდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ვარაუდით, მომავალ წელს ევრო ზონის ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესი იმაზე ნელი ტემპი ექნება, ვიდრე წინა პროგნოზით იყო ნავარაუდები. ამის მთავარ მიზეზად კი, კონტინენტზე კორონავირუსის პანდემიის ახალი ძალით აფეთქება მოიაზრება.

IMF-ის ვარაუდით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად განხორციელდება ვაქცინაცია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პანდემიასთან ბრძოლას და უნდა შეზღუდოს მისი გავრცელება. შესაბამისად, ამას ეკონომიკის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება მოჰყვება. და რაც უფრო ადრე ამუშავედბა ეკონომიკა სრული სიმძლავრით, მით სწრაფი იქნება მისი გაჯანსაღების პროცესი.

„თუ უახლოეს თვეებში პანდემიის დინამიკა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ეკონომიკური აქტივობა უფრო ნელი ტემპით და ეტაპობრივად განხორციელდება“, - ნათქვამია IMF-ის განცხადებაში. ფონდი ასევე მიანიშნებს, რომ ეკონომიკის მხარდაჭერისთვის, უფრო მძლავრი ფისკალური სტიმულირებაა საჭირო. ამიტომ, მთავრობებმა უნდა მონახონ გზები, რომლებიც ამჟამინდელი ფისკალური წესების შეცვლას შესაძლებელს გახდის.

IMF-ის ამჟამინდელი პროგნოზით, ევრო ზონის (რომელშიც 19 ქვეყანა შედის) ეკონომიკა წელს 8.3 პროცენტით დაიკლებს, მომავალ წელს კი ზრდა 2.1 პროცენტს მიაღწევს.

IMF თვლის, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესის გაჭიანურება, გრძელვადიან „იარებს“ წარმოქმნის, რაც ბლოკის საქმიანობას მომავალში მძიმე ტვირთად დააწვება. ეს იმ დროს, როცა ბლოკის მომავალთან დაკავშირებით, გაურკვევლობა ისედაც გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მისი დატოვება გადაწყვიტა.

ახლახანს იტალიამ და ავსტრიამ ახალი ლოკდაუნი გამოაცხადეს, რისი მიზანიც, პანდემიის შეკავებაა. ბრიტანეთში კი ინფიცირების რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვერსია დაფიქსირდა, რასაც ქვეყანაში შესვლა/გასვლაზე ახალი შეზღუდვების დაწესება მოჰყვა. ეს ყველაფერი ოპტიმიზმს ასუსტებს იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.