„გოლდმენ საქსის“ 2020 წლის ფავორიტი სტერლინგია

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
„გოლდმენ საქსის“ 2020 წლის ფავორიტი სტერლინგია

„გოლდმენ საქსი“ უოლ სტრიტის კიდევ ერთი გიგანტია, რომელიც თავის 2020 წლის ფავორიტ აქტივად სტერლინგს ირჩევს. ბანკი ვარაუდობს, რომ დეკემბერში დაგეგმილი არჩევნები იქნება ბრექსიტის მოგვარების გზაგასაყარი, რომლის შემდეგაც სტერლინგს გამყარების რეალური შანსი მიეცემა.

„გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსების ვარაუდით, იმის პარალელურად, რომ ბრექსიტის ფონზე, გაერთიანებული სამეფოს ბონდების მომგებიანობა დაიკლებს, სტერლინგი ევროსთან წყვილში გამყარებას დაიწყებს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ინვესტორებს გაურკვევლობა მოიხსნებათ და სახელმწიფო ეკონომიკის სტიმულირებისთვის ხარჯებს გაზრდს.

საინტერესოა, რომ მსგავსი ხედვა აქვთ „ბენკ ოფ ამერიკა მერილ ლინჩს“ და „მორგან სტენლის“, რომლებიც ასევე სტერლინგის აღზევების მოლოდინში არიან.

„ჩვენი ეკონომისტები ფიქრობენ, რომ არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვება, ბრექსიტის პროცესს დააჩქარებს და შემდგომში ექსპანსიურ ფისკალურ პოლიტიკას შეუწყობს ხელს“, - ამბობენ „გოლდმენ საქსის“ სტრატეგები ზაქ პენდლი და ჯორჯ კოული. მათივე აზრით, G-10 სავალუტო კალათაში 2020 წლის პირველ კვარტალში, სტერლინგი ყველაზე ხელსაყრელი საინვესტიციო აქტივი გახდება.

„გოლდმენ საქსის“ პროგნოზით, ევროსთან წყვილში სტერლინგი ახლანდელი დონიდან დაახლოებით 4 პროცენტით გამყარდება და ერთი ევროს ფასი 82 პენსს მიაღწევს. და ეს ყველაფერი, მომავალი წლის პირველ სამ თვეში უნდა მოხდეს. ამის შემდეგ, ბრიტანეთსა ევროკავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებათა გაჭიანურების ფონზე, ბანკი აქცენტს ოპციონების ბაზარზე გადაიტანს.