ფედრეზერვმა განაკვეთი ხელუხლებლად დატოვა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვმა განაკვეთი ხელუხლებლად დატოვა

როგორც მოსალოდნელი იყო, შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, დოლარზე განაკვეთი უცვლელად დატოვა. იმავდროულად გამოაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება ეკონომიკის განვითარების პროცესს და მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევას, რათა ხელსაყრელ მომენტში, ბონდების ყოველთვიური შესყიდვების პროგრამის შეწყვეტა დაიწყოს.

ამგვარად, დოლარზე განაკვეთი კვლავ 0-დან 0.25 პროცენტის არეალში დარჩა. ბონდების ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა კი ისევ 120 მილიარდი დოლარი იქნება.

ბაზარი მოელის, რომ ფედრეზერვი ბონდების შესყიდვერბის პროგრამის მოცულობის შეკვეცას, იმაზე ადრე დაიწყებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის საფუძველი კი ინფლაციის მაღალი ტემპით ზრდაა. თავის მხრივ, ინფლაციის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება.

„გასულ დეკემბერში კომიტეტმა გამოაცხადა, რომ სახაზინო ფასიანი ქაღალდების მარაგს თვეში 80 მილიარდი დოლარით, იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების მარაგს კი თვეში 40 მილიარდი დოლარით გაზრდის, სანამ ეკონომიკის ზრდის ტემპს მიაღწევს. ეს კი მაქსიმალურ დასაქმებაში და ფასების სტაბილურობაში უნდა აისახოს“, - ნათქვამია ფედრეზერვის განცხადებაში.

„ჩვენ მიერ აქტივების შესყიდვების გაგრძელება და ვადები, სტატისტიკაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, შრომის ბაზარზე საქმე ჯერაც არაა ბოლომდე მიყვანილი“, - ამბობს ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი.

მისი ნათქვამი დასტურია იმისა, რომ ფედრეზერვისთვის, სანამ შესყიდვების პროგრამის შეკვეცას გადაწყვეტს, მნიშვნელოვანი იქნება შრომის ბაზრის გაუმჯობესება. ამ მიმართუკებით, საქმეს ის გარემოება ართულებს, რომ ვაქცინაციის მაღალი ტემპის მიუხედავად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება.

ახლახანს „გოლდმენ საქსმა“ შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუარესა. კერძოდ, ახალი პროგნზის შესაბამისად, უახლოეს წელიწადნახევარში, აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპი 1.5-2.0 პროცენტის დონეს დაუბრუნდება.

პაუელი კვლავ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ინფლაციის ზრდას და ამბობს, რომ მაჩვენებლის 2 პროცენტზე მაღლა ზრდას, რიგი გარემოებები განსაზღვრავს და რომ დროთა განმავლობაში, ინფლაცია სტაბილური გახდება.