ფედრეზერვმა დოლარის ბანკნოტებს საზღვარზე კარანტინი დაუნიშნა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვმა დოლარის ბანკნოტებს საზღვარზე კარანტინი დაუნიშნა

შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, დოლარის იმ ბანკნოტების კარანტინში გატარება დაიწყო, რომლებიც ამერიკულ ბაზარს, ჩინეთიდან და კორონავირუსის გავრცელების სხვა ადგილებიდან უბრუნდება. როიტერსთან საუბრისას, ფედრეზერვის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ცენტრალური ბანკი ამას სიფრთხილის გამო აკეთებს, რათა ბანკნოტებმა სახიფათო ვირუსის ქვეყანაში გავრცელებას არ შეუწყოს ხელი.

მისი განმარტებით, ფედრეზერვის რეგიონალური ბანკები, რომლებიც ბანკნოტების გავრცელებას აწარმოებენ, დოლარის აზიიდან შემოტანილ ბანკნოტებს, საცავებში 7-10 დღით დააყოვნებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწვდიან ფინანსურ ინსტიტუტებს. დოლარის ბანკნოტების კარანტინში გატარბის გადაწყვეტილება, ფედრეზერვმა 21 თებერვალს მიიღო.

ვირუსის გავრცელება ჩინეთიდან დაიწყო და ამჟამად, მსოფლიოს 85 ქვეყანაში მისით 100 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრების ინფორმაციით, ვირუსის გადატანა შესაძლებელია იმ საგნებითაც ხდება, რომლებთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ შეხება. თუმცა გავრცელება ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტით ხდება.

უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მომხმრებლებს შეძლებისდაგვარად, არანაღდი ფულით, უკონტაქტო გადახდის საშუალებათა გამოყენებას ურჩევს.

როგორც გლობალური სარეზერვო ვალუტა, ამერიკული დოლარი ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში. ფედრეზერვის მონაცემებით, მსოფლიოში ჯამში დაახლოებით 1.75 ტრილიონი დოლარია მიმოქცევაში. უფრო მეტიც, ამ თანხის უმეტესი წილი ამერიკის საზღვრის გარეთ მოძრაობს.

საინტერესოა, რომ ნიუ იორკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, დოლარის კუპიურებზე 3 000 ტიპის ბაქტერიაა აღმოჩენილი. ეს კი იმითაა გამოწვეული, რომ კუპიურები სწრაფად მოძრაობს და სწრაფადვე იცვლის გამოყენების არეალს.

ფედრეზერვზე მეტად რადიკალურ ღონისძიებებს ატარებენ ჩინეთის და სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკები, რომელთა განკარგულებითაც, ბანკნოტებს დეზინფექცია ულტრაიისფერი სხივებით უტარდება. არის მათი განდგურების შემთხვევებიც. ფედრეზერვი კი ჯერჯერობით მხოლოდ კარანტინით შემოიფარგლება.