ფედრეზერვის პოლიტიკის ცვლილება ECB-საც იგივესკენ უბიძგებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის პოლიტიკის ცვლილება ECB-საც იგივესკენ უბიძგებს

შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციის საშუალო მიზნობრივი დონე შემოიღო, რაც გარკვეულ პერიოდებში, ინფლაციის უფრო მაღალი ტემპით ზრდას მისაღებად თვლის. ახალი მონეტარული პოლიტიკის ახსნა ისაა, რომ გარკვეული დროით, ინფლაციის 2-პროცენტიან დონეზე მაღლა ასვლის შემთხვევაში, გადაიფარება ის ეფექტი, რომელსაც დაბალი ინფლაცია იწვევს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფედრეზერვის ახალი მიდგომა, მისმა თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა, ჯეკსონ ჰოულის სიმპოზიუმის დროს გამოაქვეყნა. ახალი პოლიტიკის შესაბამისად, ცენტრალური ბანკი დაუყოვნებლივ რეაგირებაზე უარს იტყვის იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია 2-პროცენტიან დონეს ასცდება.

ახლა ჯერი ევროპის ცენტრალურ ბანკზეა (ECB), რომელსაც მონეტარული პოლიტიკის განხილვა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი აქვს. ფედრეზერვის გაბედული ნაბიჯის შემდეგ, ECB-ს პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდს იმის შესაძლებლობა მიეცემა, რომ რბილი მონეტარული პოლიტიკა, ბევრი კრიტიკის გარეშე შეინარჩუნოს.

„დანსკე ბანკის“ მთავარი სტრატეგი პიეტ კრისტიანსენი ამბობს, რომ ფედრეზერვი, მსოფლიოს წამყვან ცენტრალურ ბანკებს მაგალითს აძლევს, როცა ჯერ გაბედულ ნაბიჯებზეა და ახლაც სწორედ მსგავსი სიტუაციაა შექმნილი. ის თვლის, რომ მსგავსი პოლიტიკის გატარებას ECB-ც განიხილავს.

ცენტრალური ბანკებისთვის, დაბალი ინფლაცია დიდი ხნის გამავლობაში მთავარი თავსატკივარი იყო. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსგავსი შოკების დროს, როგორიც კორონავირუსის პანდემიაა, დაბალი ინფლაციის დეფლაციაში გადაზრდის რისკი იზრდება. ამას კი ფასების და ხელფასების დაწევის სპირალის სტიმულირება შეუძლია, რაც საბოლოო ჯამში, ეკონომიკას აზარალებს. სწორედ ამიტომ, ცენტრალურმა ბანკებმა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ტრილიონობით დოლარი დახარჯეს და კვლავაც ხარჯავენ. თუმცა ამას ხეირი ნაკლებად მოაქვს.

ECB-ს ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ვიტორ კონსტანციო, ორიენტირად ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შემოღებას ემხრობა. მისი აზრით, მთავარი მიზანი, ფასების სტაბილურობის მიღწევაა. ეს იმ დროს, როდსაც ფედრეზერვი ინფლაციის გარდა, მთავარ მიზნად დასაქმების მაღალ დონესაც მიიჩნევს.

ECB-ს სტრატეგიული მიმოხილვა 2003 წლის შემდეგ არ შეუსრულებია. სავარაუდოდ, სტრატეგიის განხილვა მალე განახლდება და მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდება. გადაწყვეტილების მიღებამდე, მსგავსი ხანგრძლივი განხილვა ფედრეზერვმაც ჩაატარა.