ფედრეზერვის ჩანაწერებმა დოლარს დასუსტების საბაბი მისცა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის ჩანაწერებმა დოლარს დასუსტების საბაბი მისცა

დოლარმა ევროპაში ახალი სავაჭრო სესია დასუსტებით დაიწყო, რასაც ფედრეზერვის ბოლო სხდომის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, რისკიან აქტივებზე მოთხოვნის ზრდა უწყობს ხელს.

დოლარის ინდექსმა, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 90.58-მდ დაიკლო. დოლარმა პოზიციები დათმო ევროსთან, სტერლინგთან, იენთან და ავსტრალიურ დოლართან.

გუშინ გამოქვეყნებული ფედრეზერვის ჩანწერების მიხედვით, ცენტრალური ბანკი მზადაა, რბილი მონეტარული პოლიტიკა დიდხანს შეინარჩუნოს და არც ეკონომიკის გადახურებას მოერიდება. ამასთან, ძირითად ორიენტირებად, კვლავ შრომის ბაზარი და ინფლაცია რჩება.

„ფედერალური რეზერვის შეხვედრის ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ ცენტრალური ბანკი, ამერიკის ეკონომიკის 2021 წელს ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით, იმაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი, ვიდრე ადრე. ამასთან, ფედრეზერვს არ აღელვებს მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პერსპექტივა და არც განაკვეთის გაზრდას იჩქარებს და არც შესყიდვების მოცულობის შეკვეცას. შექმნილ პირობებში, დოლარი ისევ ზეწოლის ქვეშ დარჩება“, - ამბობს „FX სტრიტის“ ანალიტიკოსი იოჰაი ელანი.

ძლიერი ფაქტორი იქნება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სტიმულირების პროგრამა, რომლის მოცულობაც 1.9 ტრილიონი დოლარია. ის ინფლაციურ მოვლენებს დააჩქარებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მისი დაფინნსება ძირიტადად სახელმწიფო ვალების ხარჯზე მოხდება.

გუშინვე გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, იანვარში საცალო გაყიდვების მოცულობა 5.3 პროცენტით გაიზარდა. დეკემბერში ეს მაჩვენებელი უარყოფითი იყო და ეკონომისტების პროგნოზითაც, იანვარში მხოლოდ 1.1-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

ელანი დასძენს, რომ უმუშევრობის დონე კვლავ მაღალი რჩება, დაახლოებით 10 მილიონი შრომისუნარიანი მოქალაქე უმუშევრად რჩება, რაც ეკონომიკის სისუსტეზე მიანიშნებს.