ფედრეზერვის ბარკინი: უახლოესი თვეები რთული გამოწვევა იქნება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვის ბარკინი: უახლოესი თვეები რთული გამოწვევა იქნება

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას წლის ბოლომდე დაიწყებენ, მაგრამ ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია ზაფხულამდე ვერ მოხერხდება. ამის გამო, რიჩმონდის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი თომას ბარკინი თვლის, რომ ქვეყნის შინამეურნეობებს და მოსახლეობას, მთავრობისგან დამატებითი დახმარება დასჭირდება.

ვაქცინის შემუშავება და მისი გავრცელება, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანებს სტრესს შეუმცირებს და სამომხმრებლო ბაზარზე, მათ გააქტიურებას წაახალისებს. მაგრამ ბარკინი ხაზს უსვამს, რომ საყოველთაო ვაქცინაციამდე, ეკონომიკის ძველ რეჟიმში დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

ბრიტანულ კომპანია „ასტრაზენეკას“ განცხადებით, მის მიერ შემუშავებული ვაქცინის ეფექტურობა 90 პროცენტს აღწევს. ეს მესამე კომპანიაა, რომელმაც ბოლო სამ კვირაში ეფექტური ვაქცინა შექმნა.

ბარჯინის თქმით, მართალია, ზოგი შტატი და ადგილობრივი მმართველობა, ჩაკეტვებთან დაკავშირებით მერყეობს, მაგრამ პანდემიამ მოსახლეობის ცხოვრების წესი უკვე შეცვალა. ბევრი მომხმრებელი თავისით ზღუდავს აქტივობას, რასაც ნაწილობრივი ჩაკეტვის ეფექტი აქვს.

იმავდროულად, დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს, რომლებმაც პანდემიის დროს სამუშაო დაკარგეს, ახალი სამსახურის შოვნა უჭირთ. ამის მიზეზი ისაა, რომ სუსტი მოთხოვნაა მომსახურების სფეროსა და საცალო ვაჭრობაში. არადა ეს სექტორები ახალი სამუშაო ადგილების ძირითადი წყაროა.

რაც დრო გადის, სულ უფრო კლებულობს იმის შანსი, რომ მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის ახალ, მსუყე პაკეტს გამოჰყოფს. თუმცა არსებობს იმის პერსპექტივა, რომ მთავრობა ამჯერად მიზნობრივი დახმარების პროგრამებს შეიმუშავებს. ბარკინის თქმით, ასეთი პროგრამების მთავარი მიზანი, იმ მოსახლეობის და შინამეურნეობების დახმარება უნდა იყოს, რომლებსაც ფინანსურად ყველაზე მეტად გაუჭირდათ.