ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ჯერ არ აპირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ჯერ არ აპირებს

ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები ფიქრობენ, რომ დიდი დრო გავა მანამ, სანამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც ცენტრალურ ბანკს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზანშეწონილებაზე დააფიქრებს.

სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის წინა სხდომამ, რომელიც 27 იანვარს გაიმართა. მასზე გადაწყდა, რომ დოლარზე განაკვეთი 0-0.25 პროცენტის დიაპაზონში, აქტივების ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა კი 120 მილიარდი დოლარის დონეზე დარჩეს.

აქტივების შესყიდვა ამავე ტემპით მანამ გაგრძელდება, სანამ ინფლაცია და დასაქმება სასურველ დონეზე აიწევს. რამდენადაც ეკონომიკა ჯერაც შორსაა გაუმჯობესებისგან, გადაწყდა, რომ გარკვეული დროა საჭირო, სანამ საგრძნობი პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდება, - ნათქვამია ფედრეზერვის ჩანაწერებში.

10 და 2-წლიანი სახაზინო ბონდების მომგებიანობის ტეხილების დაშორება ფართოვდება და იმ დონეს აღწევს, რაც 2017 წლის აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ეს ეკონომიკის მკვეთრი გაჯანსაღების მოლოდინით არის გამოწვეული, რასაც ინფლაციის ტემპის ზრდის გამოწვევა შეუძლია.

მაგრამ ფედრეზერვის ოფიციალურ პირებს ეს არ აშფოთებს და ისინი თვლიან, რომ ინფლაციის ზრდა ხანმოკლე იქნება და ის მალე ისევ ნორმალურ დონეს დაუბრუნდება.

მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტს მიაღწევს. თუმცა პირადი მოხმარების ხარჯების ინდექსი, რომელიც ფედრეზერვისთვის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია, დეკემბერში მხოლოდ 1.3 პროცენტი იყო.

ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა ამ თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი ინფლაციას მცირე ხნით, მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე მაღლა ასვლის საშუალებას მისცემს, რითაც გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ პერიოდბს დააბალანსებს, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი 2 პროცენტზე დაბლა იყო.

მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის შემდეგ, „ხარჯვის აფეთქებაა“ მოსალოდნელი, რაც ფასებზე ზეწოლას გააძლიერებს და ინფლაციურ პროცესს დააჩქარებს, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება.