ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკას არ ცვლის

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვი მონეტარულ პოლიტიკას არ ცვლის

ფედერალურმა რეზერვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, საპროცენტო განაკვეთი უცვლელად დატოვა. ნელი ტემპით მზარდი ინფლაცია და შრომის მყარი ბაზარი საკმარისი საბაბი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ცენტრალურ ბანკს პირობა შეესრულებინ და ამჟამინდელი მონეტარული პოლიტიკა შეენარჩუნებინა.

ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტის (FOMC) გადაწყვეტილებით, საბაზისო განაკვეთი კვლავაც 1.5-დან 1.75 პროცენტის დიაპაზონში რჩება. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა შარშან განაკვეთი სამჯერ შეკვეცა. ბოლოს ეს ოქტომბერში გააკეთა, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ ეკონომიკის პროგნოზის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, 2020 წელს განაკვეთს შეინარჩუნებს.

„კომიტეტი თვლის, რომ მოქმედი მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკური აქტივობის მდგრადი ზრდის მხარდაჭერას უზრუნველყოფს და შრომის მყარ ბაზარს და ინფლაციის მიზნობრივ სიმეტრიულ 2-პროცენტიან დონეზე დაბრუნების პროცესს შეესაბამება“, - ნათქვამია ფედრეზერვის განცხადებაში.

იმ დროს, როდსაც შრომის ბაზარი მყარად გამოიყურება და უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალია, ფედრეზერვისთვის მთავარ ორიენტირად და გადაწყვეტილებების მამოძრავებელ ფაქტორად, ინფლაცია რჩება. ამ მხრივ, დეკემბრის მონაცემები არაერთგვაროვანი იყო - სამომხმრებლო ფასების ზრდის ფონზე, საბაზისო ინფლაცია შენელდა.

ფედრეზერვმა ასევე გამოაცხადა, რომ სულ ცოტა, 2020 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში შეინარჩუნებს სახაზინო აქტივების შესყიდვას. ეს პროცესი ცენტრალურმა ბანკმა შუა ოქტომბერში 60 მილიარდი დოლარის სახაზინო ბონდების შესყიდვით დაიწყო.

ფედრეზერვისგან დღეს ინვესტორები მეტწილად სწორედ ამ თემაზე (აქტივების შესყიდვის პროგრამაზე) ელოდნენ მინიშნებებს. ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ბონდბის შესყიდვის ახლანდელი ტემპი მანამ შენარჩუნდება, სანამ რეზერვები საკმარის დონეს მიაღწევს. მანვე დაამატა, რომ შესყიდვების მოცულობა თანდათან შემცირდება. ინვესტორები ელიან, რომ რეზერვები „საკმარის დონეს“ მეორე კვარტალში მიაღწევს.