ფედრეზერვი - განაკვეთის ზრდის პოსტ-კრიზისული ტემპი შესაძლოა შეცდომა იყო

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ფედრეზერვი - განაკვეთის ზრდის პოსტ-კრიზისული ტემპი შესაძლოა შეცდომა იყო

ფედრეზერვის ახლანდლი და ყოფილი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, 2015-2018 წლებში განაკვეთის ზრდის ტემპი მეტისმეტად მაღალი იყო და შესაბამისად, ასეთ ქმედებას ისინი „შეცდომად“ მოიხსენიებენ.

ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრები, ლაელ ბრენარი და რიჩარდ ქლარიდა ამბობენ, რომ შესაძლოა, ნულოვანი დონიდან განაკვეთის სწრაფად აწევით, ფედრეზერვმა შრომის ბაზრის უფრო სწრაფად აღდგენას შეუშალა ხელი.

ახლახანს ფედრეზერვმა თავისი კონცეპცია შეცვალა, რის შემდეგაც, ის გარკვეული პერიოდით, ინფლაციის 2-პროცენტიან დონეზე მაღლა ასვლას დასაშვებად მიიჩნევს. ცენტრალური ბანკის განმარტებით, ასეთი პერიოდები გადაფარავს იმ პერიოდებს, როდესაც ინფლაცია 2 პროცენტზე დაბალი იყო. ამგვარად, ფედრეზერვი ინფლაციის საშუალო მონაცემებს განსაზღვრავს და დაკვირდება.

ასევე, ახალი განსაზღვრების შესაბამისად, შესაძლებელია მომენტები, როცა უმუშევრობა ნულოვან დონეს მიუახლოვდება და ამ დროს, ეკონომიკას შედარებით მაღალი ინფლაციის პერიოდი ექნება. რეალობაში, ეს გამოიწვევს სიტუაციას, როცა დამსაქმებლებს კვალიფიციური სპეციალისტების მისაზიდად, ხელფასების ზრდა მოუწევთ, რაც იმავდროულად, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ეს კი ინფლაციის ტემპის ზრდის სტიმული გახდება.

2015 წლის დეკემბერში, ფედრეზერვის მაშინდელმა თავმჯდომარე ჯანეტ იელენმა განკვეთი 0-დან 0.25 საბაზისო პუნქტით გაზარდა და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეკონომიკას გადახურებისგან დაცვა სჭირდებოდა. გარდა ამისა, ფედრეზერვს სურდა, რომ ინფლაციის მეტისმეტად სწრაფ ზრდა აღეკვეთა. ცნობისათვის, იმ მომენტში უმუშევრობის დონე 5.1 პროცენტზე იყო.

დროთა განმავლობაში, სანამ კორონავირუსის პანდემია გამოცხადდებოდა, უმუშევრობის მაჩვენებელი 3.5 პროცენტამდე დაეცა, მაგრამ ამას ინფლაციის თუნდაც მიზნობრივ 2-პროცენტიან დონემდე ზრდა არ მოჰყოლია. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც, ინფლაციის 2-პროცენტიანი მიზნობრივი დონის დაწესების (2012 წელს) შემდეგ მოხერხდა, პირად მოხმარებაზე ხარჯების ზრდის ტემპის 1.6 პროცენტამდე აწევა იყო.

ფედრეზერვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დეზინფლაციას (არა დეფლაციას) ბევრი ეკონომიკური ფაქტორი განპირობებდა: მათ შორის, გლობალურ ბაზარზე, ფასების დაბალ დონეზე შენარჩუნების ზეწოლა და დამსაქმებლებთან მოლაპარაკებისას, დასაქმების მსურველთაგან, მათი პოზიციების (ხელფასის გაზრდაზე) დაწევა.

ქლარიდა ამბობს, რომ მიდგომის ძველმა მოდელმა თავისი საქმე კარგად შეასრულა, თუმცა შესაძლოა მცდარი იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაბალი უმუშევრობა, ინფლაციაზე მეტისმეტად დიდ ზეწოლას გამოიწვევდა. „დრო იცვლება და მასთან ერთად, ეკონომიკური ლანდშაფტიც. ამიტომ, ჩვენ კონცეპცია და სტრატეგიაც უნდა შეიცვალოს“, - ამბობს ქლარიდა.