ევროს რყევები ისტორიულ მინიმუმზეა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევროს რყევები ისტორიულ მინიმუმზეა

ევრო-დოლარის ოპციონების ბაზარზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ამ წყვილზე ვაჭრობა მშვიდ კალაპოტში დიდხანს დარჩება.

როგორც წესი, საშობაო არდადგების წინ, ვოლატილობა იკლებს ხოლმე, მაგრამ ევროზე ასეთი სიტუაცია გაცილებით ადრე დაიწყო და როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდი, ასევე დარჩება. ამას მიანიშნებს ის გარემოება, რომ რყევები ისტორიულ მინიმუმზეა არამხოლოდ ერთთვიან, არამედ სამთვიან პერიოდშიც.

აშკარაა, რომ ევროზე ძლიერ გავლენას ახდენს ბრექსიტი, რომელთან დაკავშირებული გაურკვევლობის გაჭიანურებაც, ინვესტორებს ისეთი რისკიანი აქტივებით მუშაობის მადას უკარგავს, როგორიც ევროა. ბრიტანეთში არჩევნები დეკემბერში გაიმართება, რაც ბრექსიტის პროცესის უძრავი წერტილიდან დაძვრის იმედს იძლევა.

ბრექსიტთან დაკავშირებული ინფორმაციები კარგა ხანს ძლიერ ზემოქმედებდა ბაზარზე, მაგრამ შემდეგ ტრეიდერებმა ამ ინფორმაციებისადმი ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშავეს, რადგან თანდათან აშკარა გახდა, რომ რეალურად საქმე წინ არ მიდის. პარლამენტის არჩევნების შემდეგ კი სურათი უფრო გამოიკვეთება. ყოველ შემთხვევაში, ინვესტორებს ამის იმედი აქვთ.

კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების უკიდურესი დაძაბვა, რაც მსოფლიოს და მასთან ერთად, ევროპის ეკონომიკას, დასუსტებით ემუქრება. ესეც ის რისკ ფაქტორია, რომელიც ინვესტორებს სიფრთხილისკენ უბიძგებს.

ევრო-დოლართან დაკავშირებით, ინვესტორთა სიფრთხილის კიდვ ერთი მიზეზია აშშ-ის ფედრეზერვის მიერ განაკვეთის დაწევა. ამერიკის ცენტრალურმა ბანმა ეს ისევ და ისევ, რისკებისგან ეკონომიკის დასაცავად გააკეთა. რაც მეტად მნიშვნელოვანია, ამით შემცირდა სხვაობა დოლარსა და ევროზე განაკვეთებს შორის. და ინვესტორებმა ისიც არ იციან, ფედრეზერვი ამას დასჯერდება, თუ განაკვეთს კვლავაც დასწევს. მისი შეფი ჯერომ პაუელი კი აცხადებს, რომ კლების ციკლი შეაჩერა, მაგრამ გლობალური რისკების გამო, ყველაფერია მოსალოდნელი.

რა თქმა უნდა, ბაზარზე რისკი დაბრუნდება და რყევებიც მოიმატებს, მაგრამ ჯერჯერობით, ანალიტიკოსები ამის საბაბს ვერ ხედავენ. მითუმეტეს, შორს არც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებია.