ევრო ზონა ხარჯვის გასაზრდელად ემზადება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევრო ზონა ხარჯვის გასაზრდელად ემზადება

ევრო ზონის ფინანსთა მინისტრები მზად არიან, ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკის გატარებაზე შეთანხმდნენ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაძლევს გერმანიის წინაღმდეგობას, რომელიც წლების განმავლობაში ხარჯების გაზრდაზე უარს ამბობდა.

მაგრამ ახლა, როცა თვით ევროკავშირის უმძლავრესი ეკონომიკა - გერმანიაც დასუსტების საშიშროების წინაშე დგას, ხარჯის გაზრდაზე ისიც თანახმაა. ყველაზე ძლიერი ფაქტორი, ისევ და ისევ, კორონავირუსის ეპიდემია და მსოფლიო ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენაა.

ევრო ზონის ფინანსთა მინისტრები ბრიუსელში, 17 თებერვალს შეიკრიბებიან და სწორედ ხარჯვის გაზრდის მიზანშეწონილებაზე იმსჯელებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, შესაბამისი განცხადების ტექსტი უკვე მომზადებული. დასაზუსტებელი კი მხოლოდ ხარჯვის მოცულობა და ტექსტში მისი შეტანაა.

ევროკავშირის ფისკალური რეგულაციის შესაბამისად, ევროკავშირის ბიუჯეტის დეფიციტი, მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. მინისტრთა შეთანხმება, ხარჯვის მოცულობას ალბათ სწორედ ამ ზღვარში მოაქცევს. შეიცვლება ფისკალური ევრო ზონის მინისტრთა „ნეიტრალური“ პოზიციაც.

ახალი მიდგომის შესაბამისად, მყარი ფინანსების მქონე ქვეყნების მთავრობებს, ხარჯვის გაზრდს უფლება მიეცემათ. ამასთან ეს ხარჯვა ორიენტირებული უნდა იყოს არა უბრალოდ სტაბილურობის შენარჩუნებაზე, არამედ ეკონომიკის ზრდის ტემპის მომატებაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი წლების განმავლობაში, ფინანსთა მინსტრებს ხარჯის გაზრდისკენ მოუწოდებს, რათა ამით მხარი დაუჭირონ ცენტრალური ბანკის სტიმულირების პროგრამებს. მაგრამ ამ მოწოდებას გერმანიის მხრიდან, ყოველთვის მტკიცე უარი ხვდებოდა. მაგრამ გერმანიის ეკონომიკის ზრდასაც შენელება დაეწყო და ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანა გასული წლის მეოთხე კვარტალში რეცესიაში შევიდა. ეს კი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ გერმანია დროებით მაინც, ხარჯვის გაზრდაზე დათანხმდეს.

ევროპის კომისია ხუთშაბათს ევრო ზონის ეკონომიკის კვარტალურ პროგნოზებს გამოაქვეყნებს, რასაც მოგვიანებით ფინანსთა მინისტრები განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.