ევრო პოზიციების დათმობას აგრძელებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევრო პოზიციების დათმობას აგრძელებს

ევრომ ახალი კვირა 1.18-ზე დაბლა მოძრაობით დაიწყო და მზადაა იმისათვის, რომ 2019 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი თვე დააფიქსიროს. ევროს სისუსტეს, გერმანიასა და საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის ახალი ძალით აფეთქება განაპირობებს, რასაც ეკონომიკის მოკლევადიანი პროგნოზის გაუარესება მოჰყვა.

ერთთვიან პერიოდში, ევრო დოლართან 2.3 პროცენტით არის გაუფასურებული, რაც 2019 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე უარესი შედეგია. ევროს სისუსტეს ასევე ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ამერიკული და გერმანული ბონდების მომგებიანობას შორის სხვაობა იზრდება.

აშშ-ის და გერმანიის 10-წლიანი სახელმწიფო ვალდებულებების მომგებიანობას შორის სხვაობა 200 საბაზისო პუნქტამდე გაიზარდა. შედარებისთვის, წლის დასაწყისში სხვაობა 150 იყო.

საბროკერო კომპანია XM-ის სტრატეგი მარიოს ჰაჯიკირიაკოსი ამბობს, რომ ამერიკაში ვაქცინაციის პროცესი გაცილებით სწრაფი ტემპით ხორციელდება, ვიდრე ევროპასა და იაპონიაში, რაც ამერიკული ეკონომიკის გაძლიერებას უზრუნველყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფედრეზერვს მონტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესის უფრო ადრე დაწყების საშუალება ექნება, ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) და იაპონიის ბანკს (BoJ). ეს კი ამერიკული ვალუტის სიმყარეს განაპირობებს.

ING-ს ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორთა ყურადღება კვლავ პანდემიასთან იქნება დაკავშირებული. ვაქცინაციის გარდა, მნიშვნელობა აქვს ახალი ინფიცირებულების რიცხვის დინამიკას, ლოკდაუნების ხანგრძლივობას და რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას.

დლარის გამყარებას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ ჰეჯ ფონდებმა ამერიკული ვალუტის გაყიდვის პოზიციების რიცხვის შემცირება დაიწყეს. შედეგად, 2020 წლის ივნისის შემდეგ, ჰეჯ ფონდებს დოლარის გაყიდვის ყველაზე მცირე რაოდენობით პოზიცია აქვთ გახსნილი.

იენისთვის მიმდინარე კვარტალი განსაკუთრებით სუსტია. ამის მიზეზი არის ის, რომ კლებულობს იაპონური ბონდების მომგებიანობა, რასაც გლობალური ეკონმიკის გამოცოცხლების პერსპექტივა განაპირობებს. იენი ამ კვარტალში დოლართან დაახლოებით 6 პროცენტით არის გაუფასურებული.

პანდემიასთან დაკავშირებული სიფრთხილის გამო, ამერიკული ვალუტა პოზიციებს იმყარებს ისეთ ვალუტებთანაც, როგორებიცაა ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარები, ასევე კანადური დოლარი, რომლის დასუსტების დამატებითი ფაქტორი არის სუეცის არხში გაჭედილი გიგანტური კონტეინრმზიდი, რამაც მსოფლიო ვაჭრობაში ბევრი პრობლემა შექმნა.