ევრო ფრანკთან გამყარებისთვის ემზადება

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევრო ფრანკთან გამყარებისთვის ემზადება

ოპციონებით მოვაჭრეთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ევრო შვეიცარიულ ფრანკთან წყვილში მეტისმეტად დასუსტებულია. ამ ვარაუდს, გრაფიკებიც ადასტურებს. და სულ უფრო მეტი პოზიცია იხსნება საპირისპირო მიმართულებით.

კორპორაცია „დეპოზიტორი ტრასტ ენდ ქლირინგის“ მონაცემებით, წყვილზე დადებული კონტრაქტების 80 პროცენტზე მეტი, ევროს გამყარებას ვარაუდობს. არადა, ამ მხრივ, თვის დასაწყისში ორივე ვალუტის პოზიცია მეტნაკლებად თანაბარი იყო.

ურისკო თავშესაფრის სტატუსის წყალობით, ევროსთან წყვილში ფრანკმა ზედიზედ მესამე კვირის განმავლობაში მოიპოვა უპირატესობა. მისი პოზიცია, კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინმა გაამყარა. გარდა ამისა, რისკებისადმი აპეტიტს ის გარემოებაც აცხრობს, რომ მსოფლიო სავაჭრო ომის საშიშროება კვლავ გაიზარდა. გრაფიკი უჩვენებს, რომ ჩამოყალიბების პროცესშია ამოტრიალებული ჩაქუჩი, რაც ტრენდის შემობრუნების მომასწავებელია.

ფრანკთან წყვილში ევროს გამყარება იმის მომასწავებელი იქნება, რომ ბაზარზე რისკებისადმი განწყობა იცვლება. საერთოდ, ზაფხულში ბაზარზე აქტივობა კლებულობს და შესაბამისად, რყევებიც რბილდება. დიდი ალბათობით, ეს ეფექტი პანდემიის პირობებშიც იმუშავებს. და როდესაც ვაჭრობის მოცულობა კლებულობს, ეს რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე (მათ შორის ფრანკზე) უარყოფითად მოქმედებს. ასევე კლებულობს ვაჭრობა ოპციონებზე, რადგან ტრეიდერები ზაფხულში ვაჭრობისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.