ევრო და დოლარი ახალ სტიმულებს ელიან

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ევრო და დოლარი ახალ სტიმულებს ელიან

ამჟამად სავალუტო ბაზრის ძირითად წყვილზე, ინვესტორებს მომლოდინე პოზიცია უკავიათ. ისინი ორივე ვალუტისთვის სტიმულის მიმცემ ფაქტორებს ელიან. ევროს გამყარება, „მეტოქე“ ამერიკული ვალუტის კურსზეა დამოკიდებული, დოლარზე მოთხოვნ აკი შეზღუდულია.

გასულ კვირაში ევროსა და დოლარის წყვილში ჯერ ევროპული ვალუტა მძლავრობდა, შემდეგ კი ამერიკულმა დანაკარგი ამოქაჩა. ეს კვირა კი გაცილებით მშვიდად დაიწყო. ამის მიზეზი კი ინვესტორთა მოლოდინია. ისინი იმ ინფორმაციას ელიან, რომელსაც შესაბამისი ცენტრალური ბანკების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის უკიდურესად გამწვავებულმა ურთიერთობამ, ბაზარზე უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა გაზარდა. მაგრამ ამის მიუხედავად, დოლარმა პოზიციები დათმო. მხარეების მიერ რიტორიკის შერბილებამ კი ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა დააბრუნა. თუმცა გასული კვირის ბოლოს, დოლარს აშშ-ის შრომის ბაზრის პროგნოზულზე უარესმა მაჩვენებლებმა უმტყუნა.

დღეს ამერიკაში ინფლაციის მაჩვენებლები გამოქვეყნდება, რასაც შესაძლოა ბაზრის გამოცოცხლება მოჰყვეს. მომდევნო დღეებში კი ფასთა ცვლის სტატისტიკას ევროპაშიც გამოაქვეყნებენ (საფრანგეთი ოთხშაბათს, გერმანია ხუთშაბათს და ევროზონა პარასკევს).

ევროპის ცენტრალური ბანკიც და აშშ-ის ფედრეზერვიც, მონტარული პოლიტიკის შეცვლას უახლოეს მომავალში არ გეგმავენ, მაგრამ ინფლაციის სტატისტიკას ბაზარზე მაინც ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, რადგან მოულოდნლი სტატისტიკა, ინვესტორებს და ანალიტიკოსებს პროგნოზების შეცვლისკენ უბიძგებს, რაც ვალუტების კურსებსაც შეეხება.