ECB-ს მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრების ფრთხილი ოპტიმიზმი

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-ს მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრების ფრთხილი ოპტიმიზმი

კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნის პერსპექტივა, ბაზრებს იმედს უსახავს, თუმცა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ ევრო ზონის ეკონომიკა შეზღუდული აქტივობის გამო კვლავაც ზარალდება და რომ მის აღდგენას დრო უნდა. უფრო მეტიც, ისინ ფიქრობენ, რომ ეკონომიკას დამატებითი სტიმულირება დასჭირდება.

ესპანეთის ცენტრალური ბანკის მმართველი პაბლო ერნანდეს დე კოსი და ECB-ს საბჭოს წევრი იზაბელ შნაბელი, ECB-ს პრეზიდენტ კრისტინ ლაგარდის ფრთხილ მიდგომას იზიარებენ, რაც აძლიერებს იმის მოლოდინს, რომ ცენტრალური ბანკი, თავის დეკემბრის სხდომაზე სტიმულირების პროგრამას გააფართოებს.

„ვაქცინის შესახებ კარგი ახალი ამბები ვრცელდება. ეს ინვესტორთა და მომხმარებელთა თავდაჯერებას აუმჯობესებს, ეკონომიკურ აქტივობას ზრდის. მაგრამ მე მაინც სიფრთხილეს გამოვიჩენდი, რადგან უახლოეს პერიოდში, შეზღუდვები მთელ ევროპაში შენარჩუნდება“, - ამბობს ერნანდეს დე კოსი.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „პფიცერმა“ წინა კვირაში გამოაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ექსპერიმენტული ვაქცინა, 90 პროცენტით ეფექტურია, რაც პირველადმა ტესტებმა დაადასტურა. ამ ინფორმაციამ, ბაზრებზე რისკებისადმი აპეტიტი გაზარდა და ერთ დღეში განხორციელებულ გარიგებათა ჯამური მოცულობა 2 ტრილიონ დოლარს ასცდა.

შნაბელის თქმით, ვაქცინის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, ECB საბაზისო სცენარს დაუბრუნდა, რომლის შესაბამისადაც, ევრო ზონის ეკონომიკა წელს 8.0 პროცენტით შემცირდება, 2021 წელს 5.0 პროცენტით გაიზრდება, 2022 წელს კი ზრდა 3.2 პროცენტს მიაღწევს.