ECB-ს გადაწყვეტილება ევროს ამყარებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-ს გადაწყვეტილება ევროს ამყარებს

მას შემდეგ, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB), ბონდების შესყიდვის მოცულობის ოდნავ შემცირების შესახებ გამოაცხადა, ევრომ გამყარება დაიწყო. თუმცა ზრდა უმნიშვნელოა და დოლართან წყვილში, მისი კურსი გაცილებით დაბლაა პარასკევს დაფიქსირებულ, ბოლო ორი თვის მაქსიმუმთან (1.1909).

შესყიდვების პანდემური საგანგებო პროგრამის (PEPP) შესაბამისად, სულ 1.85 ტრილიონი ევროს ღირებულების ბონდების შესყიდვა იგეგმება. ამ პროგრამის ფარგლებში, აქამდე ცენტრალური ბანკი, თვეში დაახლოებით 80 მილიარდი ევროს ბონდებს ყიდულობდა. უახლოეს სამ თვეში კი შესყიდვების მოცულობა მცირედით დაიკლებს. ამასთან, ECB-ს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენით აპირებს შესყიდვების შეკვეცას.

როიტერსის მიერ ეკონომისტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსალოდნელი იყო, რომ ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა, 60 მილიარდ ევრომდე დაიკლებდა. მათივე ვარაუდით, შესყიდვები კიდევ უფრო დაიკლებდა მომავალი წლის დასაწყისში, მარტში კი შესყიდვების პროგრამა საერთოდ შეწყდებოდა.

მაგრამ ECB ამას არ აპირებს. უფრო მეტიც, ბანკმა პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვების მოცულობას ისევ გაზრდის.