ECB მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილებას აპირებს

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილებას აპირებს

ფრანკფურტში, ცენტრალური ბანკების სიმპოზიუმზე, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე შემოტევის გამო, მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილება აუცილებელი იქნება. თუმცა მათვე განაკვეთის შემდგომი შეკვეცა გამორიცხეს.

„ყველა ვარიანტს განვიხილავთ, მანამდე კი საგანგებო შესყიდვების პროგრამა და უფრო ხანგრძლივი, მიზნობრივი დაფინანსების ოპერაციები კარგ შედეგს გვაძლევს. ამიტომ, ძირითად ინსტრუმენტებად მათ გამოყენებას გავაგრძელებთ და საჭიროებისამებრ, მათივე მეშვეობით, მონეტარულ პოლიტიკის კორექტირებას შევასრულებთ“, - ამბობს ECB-ს შეფი კრისტინ ლაგარდი.

ლაგარდმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ECB-ს მონეტარული პოლიტიკის საბჭოს წევრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტებიც რეკალიბრაცია. ამაში ძირითადად სტიმულირების პროგრამების მოცულობის ზრდა მოიაზრება.

ლაგარდმა ფრანკფურტში განაცხადა, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული პერსპექტივის მიუხედავად, ეკონომიკის სწრაფად აღდგენა შეუძლებელი იქნება და რომ ეს პროცესი დროში გაიწელება.

„ვაქცინასთან დაკავშირებული ბოლო ახალი ამბები იმედის მომცემია. მაგრამ პანდემიის ციკლური შემოტევები პერიოდულად მოსალოდნელია. და ასე იქნება მანამ, სანამ საზოგადოება ჯგუფურ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ამიტომ, ეკონომიკის აღდგენა არ იქნება სწორხაზვანი. ეს პროცესი, ვაქცინის დანერგვის ტემპზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს ლაგარდი.

პანდემიის მეორე ტალღის გამო, ევროპის ორი უდიდესი ეკონომიკა - გერმანია და საფრანგეთი ისევ ჩაკეტვის რეჟიმზე გადადის. ბუნებრივია, ეს ეკონომიკის დასუსტებას გამოიწვევს და ამ პროცესის განეიტრალებას/შერბილებას, სტიმულირების ახალი ულუფა დასჭირდება.