ECB-მა სტიმულირების შენარჩუნება გადაწყვიტა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-მა სტიმულირების შენარჩუნება გადაწყვიტა

როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყების მიუხედავად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB), სტიმულირების მასიური პროგრამა შეინარჩუნა. ECB შიშობს, რომ ამ ეტაპზე, ნებისმიერი სახით უკან დახევა, სესხების გაძვირებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, ეკონომიკის აღდგენის პროცესს შეაფერხებს.

ევრო ზონა, რომელიც ევროპის 19 ქვეყნისგან შედგება, სახელმწიფო დეფიციტის (რომელიც უსაშველოდ გაიბერა) დასაფინანსებლად, ECB-ს მიერ ბაზარზე გამოშვებულ ფულის უზარმაზარ მასას იყენებს. ამით მიმდინარე სიტუაცია ბალანსდება, მაგრამ ეს ბალანსი სუსტია და ნებისმიერი რყევის შემთხვევაში, მას საფრთხე შეექმნება. ასეთი რყევის გამოწვევა კი სტიმულირების მოცულობის შემცირებას შეუძლია.

„PEPP-ის (პანდემიური საგანგებო შესყიდვების პროგრამა) პროგრამით გათვალისწინებული შესყიდვები მომდევნო კვარტალში უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე წლის პირველ თვეებში“, - ნათქვამია ECB-ს განცხადებაში.

ამ პროგრამის შესაბამისად, ამ კვარტალში შესყიდვების ყოველთვიური მოცულობა 80 მილიარდ ევროს აღწევდა. შედარებისთვის, პირველ კვარტალში, ყოველთვიური შესყიდვების მოცულობა 62 მილიარდი ევრო იყო.

ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული საბჭოს წევრები და პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამბობენ, რომ ურჩევნიათ, სიფრთხილე გამოიჩინონ და ნაადრევად არ დაიწყონ PEPP-ის 1.85-ტრილიონ ევროიანი პროგრამის შეკვეცა. უფრო მეტიც, ECB-მ გამოაცხადა, რომ PEPP-ის მოქმედება 2022 წლის მარტამდე შენარჩუნდება. უფრო მეტიც, ცენტრალური ბანკი იტოვებს უფლებას, შეკვეცოს, ან გაზარდოს პროგრამა, თუ ამის საჭიროება იქნება.

სტიმულირების პროგრამის შენარჩუნების მთავარ კრიტერიუმად, ინფლაცია რჩება. საშუალოვადიანი პროგნოზით, ინფლაციის ტემპი დაბალი იქნება, რაც სტიმულირების გაგრძელების საკმარისი საბაბია. მაგრამ ამასობაში, სახელმწიფო ხარჯები იზრდება, რაც ECB-ს მიერ პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, ბაზარზე მკვეთრ ცვალებადობას გამოიწვევს, რაც დამატებით რისკებს შექმნის.

იმავდროულად, ეკონომიკი ზრდის ფონზე, „საგანგებო“ ზომებისთვის საფუძვლიანი არგუმენტის მოძებნა სულ უფრო ძნელი ხდება. ეს კი საბჭოს წევრებს იმის საბაბს აძლევს, რომ PEPP-ის ეტაპობრივ შემცირებაზე ღიად ილაპარაკონ.

გასულ თვეში ინფლაციის მაჩვენებელი, ECB-ს მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეს ასცდა. ეს ის დონე, რომლის მიღწევაც, ბოლო ათწლეულში მიუწვდომელი რჩებოდა. მაგრამ ეკონომიკას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება იმისათვის, რომ პანდემიამდელ დონეს მიაღწიოს. ინფლაციის ზრდა კი მეტწილად, ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნს პროცესის შემობრუნებამ გამოიწვია. ამიტომ, საბჭოს წევრები თვლიან, რომ ეს დროებითი პროცესია და ჯერაც არ ნიშნავს ფასებზე ზეწოლის ახალი ეპოქის დაწყებას.