ECB-მ განაკვეთის აწევის დაწყების დრო ნახევარი წლით გადაავადა

ყოველკვირეული ფუნდამენტალური ანალიზი
ECB-მ განაკვეთის აწევის დაწყების დრო ნახევარი წლით გადაავადა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) არ გაგვაკვირვა - ყველანაირი განაკვეთი უცვლელად დატოვა. მაგრამ გამოაცხადა, რომ განკვეთის აწევის პროცესს, სულ ცოტა, მომავალი წლის პირველ ნახევარში არ დაიწყებს. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, ამ პროცესის დაწყებას უფრო შორეული დროისთვისაც გადაიტანს.

ამ ყველაფრის ძირითად მიზეზად, გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება სახელდბა, რასაც პირველ რიგში, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას (აშშ და ჩინეთი) შორის სავაჭრო ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა განაპირობებს.

ევრო ზონის ცენტრალური ბანკის ადრინდელი განცხადებით, ევროზე განაკვეთები რეკორდულად დაბალ დონეზე, წლის ბოლომდე დარჩებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად, მაშინაც და მითუმეტეს ახლაც, ინვესტორები ფიქრობენ, რომ განაკვეთი ახლანდელ დონეზე, რამდენიმე წელიწადი მაინც დარჩება.

იმავდროულად, ECB-მ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ის უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. მათ შორის, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ბონდების მასიური შესყიდვების პროგრამის (რაოდნბრივი შემსუბუქების პროგრამა - QE) განახლება იგეგმება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ინფლაციის მიზნობრივ (2-პროცენტიან) დონემდე ამოწევას. მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურდა.

თუ განაკვეთების უცვლელად დატოვებას ბაზარი უპირობოდ/გარანტირებულად ელოდა, ახალი QE-ს დაწყების უარყოფამ, ევროზე მყისიერი დადებითი ზემოქმედება იქონია. ევროპულმ ვალუტამ დოლართან წყვილში, აპრილის შემდგომი მაქსიმუმი განაახლა და 1.1309-ს მიაღწია.